მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ახალი მკაცრი წესები შემოიღო გუნდში წესრიგის დასამყარებლად, – წერს გაზეთი AS-ი.
პირველ რიგში, პორტუგალიელმა სრულად შეცვალა კლუბის მენიუ. ამიერიდან ფეხბურთელები უნდა იკვებონ ისე, როგორც ამას დიეტოლოგი განსაზღვრავს. ადრე მოთამაშეები თავად ირჩევდნენ საკვებს.
კიდევ უფრო მკაცრი წესებია დისციპლინასთან დაკავშირებით. მოურინიომ ყველა ფეხბურთელისგან მოითხოვა ვარჯიშების დაწყებამდე ბაზაზე ერთი საათით ადრე გამოცხადება. თუნდაც ერთი წუთი დაგვიანებისთვის სასჯელი იქნება დარბაზში ინდივიდუალური ვარჯიშები. ამასთან, სპეციალისტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ეხება ყველა ფეხბურთელს და სასჯელს ვერავინ აიცილებს თავიდან.
ასევე, მოურინიომ გაამკაცრა კონტროლი მოთამაშეების ჯანმრთელობაზე. ყველა ფეხბურთელმა რეაბილიტაცია კლუბში უნდა გაიაროს, იმის მიუხედავად, ჰყავთ თუ არა მათ პირადი სპეციალისტი. კლუბის მიღმა მკურნალობა სრულად აკრძალულია.
დაბოლოს, ჟოზე მოურინიომ შემოიღო აუცილებელი სადილები გუნდისა და სამწვრთნელო ჯგუფისთვის.