უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, აღნიშნული შეთანხმება ომის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის ფართო გეგმის ნაწილი უნდა გახდეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ვაჭრობაზე ნულოვან ტარიფებს ითვალისწინებს და შესაძლოა, უკრაინის გარკვეულ ინდუსტრიულ რეგიონებზეც გავრცელდეს.
მისი თქმით, ეს კიევს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით „ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას“ მისცემს და უცხოური ინვესტიციებისა და ბიზნესის მოზიდვაში დაეხმარება.
„ეს შეიძლება, ეკონომიკური უსაფრთხოების დამატებითი გარანტია გახდეს“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ წინადადების დეტალების უშუალოდ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან განხილვას გეგმავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ან შეერთებულ შტატებში, ან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართავს. ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე განიხილავს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ იდეას შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ.
„ფორმატი რთული, მაგრამ სამართლიანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.