მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიდეო პლატფორმა YouTube-მა 9.8 მლრდ დოლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. ეს 13%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მაჩვენებელი 8.7 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ამის შესახებ Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის კვარტალურ ანგარიშში წერია, რასაც TechCrunch ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შედეგმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც YouTube-ის შემოსავალს, დაახლოებით, 9.6 მლრდ დოლარად პროგნოზირებდნენ.
Nielsen-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, YouTube ზედიზედ სამი წელია, სატელევიზიო აუდიტორიის უდიდეს წილს იკავებს, რაც ტელევიზიის ყურების მთლიანი დროის 12.4% შეადგენს.
სტრიმინგ-სერვისებს შორის YouTube-ის კონკურენტები HBO Max და Amazon Prime Video არიან, რომლებიც თავიანთ პლატფორმებზე რეკლამის მოცულობას, ასევე, ზრდიან.
Netflix წელს სარეკლამო შემოსავლის გაორმაგებას გეგმავს. მართალია, კომპანია ზუსტ ციფრებს არ ასაჯაროებს, თუმცა Madison&Wall-ის ანალიტიკოსები მის სარეკლამო სეგმენტს, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარად აფასებენ.