თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების წლიურმა ზრდამ მეორე კვარტალში 5% შეადგინა. "თიბისი კაპიტალის" მიერ საქართველოს მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო დროებითი უარყოფითი ეფექტის მიუხედავად მეორე კვარტალში პირველთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა. (მცირედი 2.3%)

,,ევროკავშირიდან შემოსავლებმა მთლიან ზრდაში 3.3 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, მეორე კვარტალში ევროკავშირის წილმა ტურიზმიდან ჯამურ შემოსავლებში 15.2%-ს მიაღწია, რაც 2021 წლის მე-3 კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სიდიდით მეორე იყო წლიურ ზრდაში კონტრიბუცია ისრაელიდან, მიუხედავად იმისა, რომ, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, ისრაელიდან შემოსავლები პირველ კვარტალთან შედარებით მცირედით შენელდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის რეალურ დროში შეფასება, რომელიც შეზღუდული ხანგრძლივობისა და მასშტაბის ეფექტზე მიუთითებდა, კვლავ ძალაში რჩება: არარეზიდენტების უნაღდო ხარჯები ტურისტულ კატეგორიებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდგომ ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ისრაელიდან Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ძებნათა სიხშირე, კონფლიქტის პერიოდში ვარდნის შემდეგ, თვალსაჩინოდ გაიზარდა და ივლისში ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

ზრდაში კონტრიბუციების კუთხით, აგრეთვე გამოვყოფთ აზერბაიჯანს, ხოლო, საპირისპიროდ, კლების კუთხით ყველაზე დიდი წილი რუსეთსა და თურქეთზე მოდიოდა. მართალია, ოფიციალური მონაცემები მხოლოდ კვარტალური სიხშირითაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ჩვენი საპროგნოზო მოდელის თანახმად, ივნისში ტურიზმიდან ჯამური შემოსავლები, სეზონურად შესწორების შემთხვევაში, თვიურად თითქმის უცვლელი იყო, თუმცა ივლისში უფრო მზარდი ტენდენცია იკვეთება."- აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" საქართველოს მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.