უნივერსიტეტების ნაწილში აცხადებენ, რომ თუკი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდება, ეს უმაღლესი განათლების სისტემაზე ნეგატიურად აისახება. როგორც BMG-სთან „კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორმა, კახა შენგელიამ განაცხადა, უვიზო რეჟიმის შეჩერება პრობლემური იქნება როგორც ევროპაში მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტებისთვის, ასევე ქვეყანაში ევროპელი სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
„თუკი ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, ეს განათლების სექტორისთვის პრობლემური იქნება. ჩვენ ყოველწლიურად ძალიან ბევრი სასწავლო ტურები გვაქვს ევროპაში და ამ ტიპის საგანმანათლებლო პროგრამებს პრობლემა შეექმნება. ცალსახად, ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენთვის. ძალიან ბევრ სტუდენტს კვირაობით მოუწევს [ვიზის] რიგებში დგომა, ყველაფერი გაძვირდება და ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ქვეყანაზე.
თუკი უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდება, ეს ევროპიდან შემომსვლელ სტუდენტებზეც იმოქმედებს, მათი მოზიდვის კუთხითაც პრობლემა იქნება. ევროპაში ჩვენთან მიმართებით უკვე გაღიზიანებული ტონი არის და წარმოიდგინეთ, თუკი შეჩერდა უვიზო რეჟიმი, ძალიან გაჭირდება ევროპელების დარწმუნება, რომ [საქართველოში სასწავლებლად] ჩამოვიდნენ. უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ასევე არ ვიცით, იქნება თუ მაგალითად, ერასმუსის პროგრამა. იმედია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი არ დადგება დღის წესრიგში”, - განაცხადა კახა შენგელიამ.
წყარო: bm.ge