აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ ,,საქართველო ევროპისათვის და აშშ-ისთვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესოა... ის აღარ განიხილება ევროპული ოჯახის წევრად.“ განცხადება ყოფილმა მაღალჩინოსანმა Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„საქართველო კრიზისშია. ის აღარ არის, რაც იყო. ის აღარ არის ევროპული ქვეყანა, რომელიც ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრობისკენ მიდის. ის გაჭედილია და ეს რუსეთის ჩანაფიქრით ხდება, რა თქმა უნდა, თბილისში ზოგიერთი ადამიანის დიდი დახმარებით. საქართველო ისედაც სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ის ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესოა. ის ევროკავშირთან ასოცირების გზაზე არ დგას. ის აღარ განიხილება ტრანსატლანტიკური ოჯახის ნორმალურ წევრად ან თუნდაც ევროპული ოჯახის წევრად. მისმა მთავრობამ განაცხადა, რომ შეაჩერებს ამ ასოცირების ძალისხმევას.“- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სანქციებით დასტურდება, რომ ევროკავშირი საქართველოს არსებულ მთავრობას მეგობრულად არ მიიჩნევს.

,,ევროკავშირმა სანქციები დააწესა და ნათლად განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას მეგობრულად არ მიიჩნევენ. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობაც იმავეს ფიქრობს. ასევე, დიდი შანსია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება დაკარგონ. ამგვარად, საქართველო ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან სრულიად არის გათიშული და რუსეთის ორბიტაზეა გადართული. ამგვარად, საქართველომ საკუთარი თავი სრულად გამოთიშა ევროპული გეოპოლიტიკური თამაშიდან და მთლიანად რუსეთის ორბიტაში მოექცა. როდესაც საქართველოს ლიდერები სასაცილო რაღაცებს ამბობენ, როგორიცაა „ამერიკელები და ევროპელები ცდილობენ ახალი ფრონტის გახსნას და საქართველოს ომში ჩათრევას“, ეს იმდენად აშკარა ტყუილია და ანტიდასავლური პროპაგანდის ელემენტია, აჩვენებს, რომ მთავრობა მოსკოვის მარიონეტია. არავის სურს ასეთ მთავრობასთან ურთიერთობა. მას არ ენდობიან. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში ასეთ ვითარებაში? არავინ. არავინ. საქართველო დაღმავალ სპირალშია. ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ძნელია ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ ქართველების მიღწევების დიდი ნაწილი იმსხვრევა. მისი აღდგენა ძალიან რთულია, განადგურება ძალიან ადვილი“,- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.