ყაზახეთი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიის საავიაციო ავარიების გამოძიებისა და პრევენციის ცენტრს გაუგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების განმარტებით, გადაწყვეტილება საავიაციო ინციდენტის გამომძიებელმა კომისიამ მიიღო, რომელსაც ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი მარატ კარაბაევი ხელმძღვანელობს.

„ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, პასუხისმგებელია ფრენის ჩანაწერების გაანალიზების უზრუნველყოფაზე და იმ ქვეყნის შერჩევაზე, რომელიც მათ წაიკითხავს და გაშიფრავს“, - აღნიშნულია ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი პირველივე დღიდან მომხრე იყო, რომ თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი ჩართულიყო.

„რუსულმა მხარემ ოფიციალურად შემოგვთავაზა, რომ ეს საქმე სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს გამოეძიებია, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვით. მიზეზი გასაგებია. საიდუმლო არ არის, რომ ეს ორგანიზაცია ძირითადად რუსი ჩინოვნიკებისგან შედგება და მას რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს რომ კატასტროფის შემდეგ რუსეთის მხრიდან სამართლიანი და გონივრული ენახა, ალბათ, წინააღმდეგი არ იქნებოდა.

„მაგრამ დავინახეთ დაფარვის მცდელობები. ამიტომ, როგორც ყაზახურ, ასევე რუსულ მხარესთან მჭიდრო კონტაქტებში გამოვხატეთ პოზიცია, რომ უნდა შექმნილიყო მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი და ასეც მოხდა“, - აღნიშნა ალიევმა.

ipn.ge