ჩვენი გალაქტიკის შუაგულში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს გოგირდის შემცველი მოლეკულა, რომელიც ყველაზე დიდია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სიცოცხლის კოსმოსური წარმოშობის კვლევებში.
ამ ქიმიურ ნივთიერებას თიეფინი ჰქვია, იგივე 2,5-ციკლოჰექსადიენ-1-თიონი (C₆H₆S) — რგოლის ფორმის გოგირდის შემცველი ნახშირწყალბადი, რომელიც წარმოიქმნება ბიოქიმიური რეაქციების დროს.
ჩვენგან დაახლოებით 27 000 სინათლის წლის მანძილზე, ირმის ნახტომის ცენტრის სიახლოვეს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის, მოლეკულური ღრუბლის, G+0.693–0.027-ის შესწავლისას, მაქს პლანკის არამიწიერი ფიზიკის ინსტიტუტის (MPE) ასტრონომებმა და CSIC-INTA ასტრობიოლოგიური ცენტრის (CAB) მეცნიერებმა ეს კომპლექსური მოლეკულა კოსმოსში პირველად დააფიქსირეს.
ასტრონომიული დაკვირვებებისა და ლაბორატორიული ექსპერიმენტების კომბინირებით, მათ დაადასტურეს ამ ექვს-მემბრანიანი, 13-ატომიანი მოლეკულის არსებობა კოსმოსის რეგიონში, რომელიც წარმოადგენს გაზისა და მტვრის რეგიონს, რომელშიც ახალი ვარსკვლავური სისტემები იბადებიან.
ჯგუფმა მოლეკულის ლაბორატორიაში სინთეზირება მოახდინა მონათესავე ნახშირწყალბადის, თხევადი თიოფენოლის (C₆H₅SH) დამუშავებით — 1000-ვოლტიანი ელექტრული განმუხტვით და შემდეგ, შედეგები სპეციალურად შექმნილი სპექტრომეტრით შეისწავლა.
ამის საშუალებით კი გაზომეს შედეგად მიღებული თიეფინის მოლეკულების რადიოსიხშირული გამოსხივება.
შემდეგ ეს სპექტრული ხელწერა შეადარეს CAB-ის ასტრონომთა მიერ IRAM 30-მეტრიანი და Yebes 40-მეტრიანი ტელესკოპებით (ესპანეთი) ამ დრომდე მიღებულ მონაცემებს.
ამ დრომდე, ასტრონომებს ვარსკვლავთშორის სივრცეში დაფიქსირებული ჰქონდათ მხოლოდ გოგირდის პატარა ნაერთები, ექვს-ატომიანი ან უფრო ნაკლები. ეს ნაერთები გადამწყვეტ როლს ასრულებს ცილებსა და ფერმენტებში.
ამ დროს, მოუხელთებელი რჩებოდა გოგირდშემცველი ისეთი დიდი მოლეკულები, როგორიცაა თიეფინი. შესაბამისად, რჩებოდა „ნაპრალი“ მეტეორიტებში აღმოჩენილ ორგანული ნივთიერებების ტიპებსა და კოსმოსში დაკვირვებულ ქიმიას შორის. ახლად აღმოჩენილი თიეფინის მოლეკულა სტრუქტურულად ენათესავება მეტეორიტების ნიმუშებში აღმოჩენილ მოლეკულებს.
ეს კი პირველად აჩვენებს კავშირს ასტროქიმიასა და დედამიწაზე სიცოცხლეს შორის.
„ეს გახლავთ კომპლექსური, ვარსკვლავთშორის სივრცეში რგოლის ფორმის გოგირდშემცველი მოლეკულის პირველი უტყუარი დაფიქსირება — გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი კოსმოსსა და სიცოცხლის საშენ მასალებს შორის ქიმიური კავშირის უკეთესად შესწავლისკენ“, — ამბობს კვლევის ავტორი მიცუნორი არაკი.
„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ 13-ატომიანი მოლეკულა სტრუქტურულად ჰგავს ახალგაზრდა, უვარსკვლავო მოლეკულურ ღრუბლებში უკვე არსებულ კომეტებში არსებულებს. ეს ადასტურებს, რომ სიცოცხლის ქიმიური საფუძველი ვარსკვლავების წარმოქმნამდე დიდი ხნით ადრე იწყება“, — ამატებს კვლევის თანაავტორი ვალერიო ლატანცი.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ვარსკვლავთშორის სივრცეში უნდა არსებობდეს გოგირდშემცველი გაცილებით მეტი უფრო კომპლექსური მოლეკულა.
შედეგები ასევე ადასტურებს ორჰუსის უნივერსიტეტისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტის მიერ დადებულ ბოლოდროინდელ დასკვნებს, რომლებმაც აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ვარსკვლავთშორის სივრცეში სპონტანურად წარმოიქმნას პეპტიდები — სიცოცხლისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი.
ეს და სხვა კვლევები მიუთითებს, რომ სიცოცხლის წარმომავლობა კოსმოსურია და იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.