ჩეხი ბიზნესმენი მიხალ სტრნადი სამხედრო ინდუსტრიაში ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად დასახელდა, მისი კაპიტალი 2025 წელს მკვეთრად გაიზარდა და 36.9 მილიარდ დოლარს მიაღწია ,- ამის შესახებ გამოცემა  Bloomberg წერს.

სტრნადის კომპანია Czechoslovak Group AS უკრაინისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.

Bloomberg-ის მტკიცებით, ჩეხი მილიარდერის კაპიტალი ერთ ღამეში გაორმაგდა მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციების ფასი 28%-ით გაიზარდა. Czechoslovak Group-მა პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შედეგად დაახლოებით 3.3 მილიარდი ევრო მოიზიდა.

სტრნადი 33 წლისაა. გენერალური დირექტორის პოსტი მან 21 წლის ასაკში დაიკავა, ხოლო 26 წლისა გახდა კომპანიის მფლობელი. ის მესამე ადგილზეა მსოფლიოში 40 წლამდე ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის (მას მხოლოდ Walmart-ის მემკვიდრე ლუკას უოლტონი და Red Bull-ის მემკვიდრე მარკ მატეშიცი უსწრებენ). მისი ქონება ჩეხეთის მთლიანი ეკონომიკის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.