უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს განაცხადა, რომ საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს, შესთავაზა, რის შემდეგაც ბუდანოვმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ზელენსკის წინადადებას დათანხმდა.

შედეგად, ბუდანოვი ზელენსკის დიდი ხნის ნდობით აღჭურვილ პირს, ანდრიი ერმაკს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა ნოემბერში, კორუფციის სკანდალის ფონზე, დატოვა. თუმცა, ენერგო სექტორში დადებული $100-მილიონიანი სქემის ფარგლებში ერმაკი ეჭვმიტანილად არ დასახელებულა.

"ასეთ დროს უკრაინას სჭირდება მეტი ფოკუსი უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარება, ისევე როგორც მეტი ყურადღება მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ოფისი, ძირითადად, ჩვენი სახელმწიფოს ამ დავალებების შესრულებას მოემსახურება," დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის წინადადებაზე თანახმაა, რასაც მან პატივი და ღრმა ვალდებულება უწოდა.

"მე დავთანხმდი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, შემოთავაზებას, რომ პრეზიდენტის ოფისს ვუხელმძღვანელო. გავაგრძელებ უკრაინისთვის სამსახურის გაწევას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს წინაშე. ეს არის პატივი და ასევე ღრმა ვალდებულება, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, რათა ყურადღება დაეთმოს საკითხებს, რომლებიც უკრაინის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. მადლობელი ვარ ნდობისთვის." - წერს ბუდანოვი.

ბუდანოვის ნაცვლად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე ზელენსკიმ უკვე დანიშნა საგარეო დაზვერვის უფროსი, ოლეგ ივაშჩენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო დაზვერვის უფროსად საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარე, ოლეგ ივაშჩენკო, დანიშნა.

"დღეიდან ოლეგ ივაშჩენკო გააგრძელებს ჩვენი სახელმწიფოსთვის სამსახურის გაწევას და შეასრულებს დავალებებს, რათა შეზღუდოს რუსეთის სამხედრო პოტენციალი უკრაინის სამხედრო დაზვერვის პოზიციიდან." - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ივაშჩენკოს წინამორბედს, კირილო ბუდანოვს ზელენსკიმ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესთავაზა, რაზეც ბუდანოვი უკვე დათანხმდა. 

შედეგად, ბუდანოვი ზელენსკის დიდი ხნის ნდობით აღჭურვილ პირს, ანდრიი ერმაკს ჩაანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა ნოემბერში, კორუფციის სკანდალის ფონზე, დატოვა. თუმცა, ენერგო სექტორში დადებული $100-მილიონიანი სქემის ფარგლებში ერმაკი ეჭვმიტანილად არ დასახელებულა.

თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის წინადადებაზე თანახმაა, რასაც მან პატივი და ღრმა ვალდებულება უწოდა. 

11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.

НАБУ-ს მონაცემებით, ფულის გათეთრების სქემა საკმაოდ პრიმიტიული იყო: თუ კერძო ბიზნესს, საქონლის გაყიდვის ან მომსახურების გაწევის სახით, ენერგოატომთან თანამშრომლობა სურდა, თანხების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებისთვის უნდა გადაეხადა საფასურის 10-დან 15%-მდე ნაწილი. უარის შემთხვევაში, კომპანიები ფინანსებს ვერ იღებდნენ და მომწოდებელთა სიიდან ამოვარდებოდნენ. გამოძიების მიხედვით, სქემის მონაწილეები ამ მექანიზმს "შლაგბაუმს" უწოდებდნენ - ან სარგებლის ნაწილს გააზიარებდი, ან დახურულ კართან იდგებოდი.

სქემის ორგანიზატორი იყო ბიზნესმენი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და, მედიების ცნობით, მეგობარი, ტიმურ მინდიჩი, რომელმაც НАБУ-ს მიერ ჩატარებული ჩხრეკებიდან მცირე ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ცნობების მიხედვით, ზელენსკისთან დაახლოებულ მინდიჩს გავლენა ჰქონდა როგორც ჰერმან ჰალუშჩენკოზე, ისე თავდაცვის ყოფილ მინისტრზე, რუსტემ უმეროვზე.

სქემაში ფიგურირებდა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ჰერმან ჰალუშჩენკო. ჰალუშჩენკო აქამდე ენერგეტიკის მინისტრი იყო. ის ამ სფეროში გავლენას ინარჩუნებდა სვეტლანა ჰრინჩუკის დახმარებით, რომელმაც ჰალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლა. ორივე მინისტრი სკანდალური გამოძიების დეტალების გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ 28 ნოემბერს ჩხრეკა ჩაატარა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის სახლშიც, რის შემდეგაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ერმაკი უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად მოიაზრებოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2 იანვარს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის დანიშვნის წინადადებით გამოვიდა. ფედოროვი ამჟამად უკრაინის პრემიერმინისტრის მოადგილისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის თანამდებობებს იკავებს.

ცნობისთვის, ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის გადაწყობის ფარგლებში გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხედრო დაზვერვის უფროსი, კირილო ბუდანოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა, ხოლო მის ნაცვლად დაზვერვის უფროსის თანამდებობა საგარეო დაზვერვის უფროსს, ოლეგ ივაშჩენკოს მიანიჭა. 

"მიხაილო ღრმად ჩართულია 'დრონების ხაზის' [პროექტში], და ის ეფექტურად მუშაობს საჯარო სერვისებისა და პროცესების გაციფრულებაზე," აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალს ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი შეცვლის.

ცნობისთვის, უკრაინის კონსტიტუციით, პრეზიდენტის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რა შემთხვევაშიც ფედოროვი დენის შმიგალს ჩაანაცვლებს, რომელიც თანამდებობას დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იკავებდა. ზელენსკის მიხედვით, შმიგალი "არანაკლებ მნიშვნელოვან" როლს დაიკავებს.

ამას გარდა, ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილედ პავლო პალისა დანიშნა, რომელიც მანამდე საბრძოლო დანაყოფებს მეთაურობდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ივაშჩენკოს საგარეო დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მალე გამოცხადდება. ასევე ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ გახდება ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი.

უკრაინის პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებებს აგრძელებს. ზელენსკიმ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის კანდიდატურა წარადგინა.

მისი თქმით, სწორედ შმიგალის მიგდომაა საჭირო უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის.

„დენის შმიგალს შევხვდი. თავდაცვის სამინისტროში ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მისი მუშაობისთვის მადლობელი ვარ. სწორედ მსგავსი მიდგომაა ახლა საჭირო უკრაინის ენერგეტიკული სექტორისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი რუსული დარტყმის შემდეგ მისი აღდგენა სწრაფად შევძლოთ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან კონსულტაციები ჰქონდა და იმედი აქვს, რომ პარლამენტი პირველი ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

უკრაინელი ჟურნალისტის, კატერინა ლისუნოვას ცნობით, მალე მოხდება სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაც, მას შემდეგ, რაც ზელენსკის შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს. 

წყარო: tabula.ge