პრობლემა იმაშია, რომ უკრაინელებზე იყო დიდი ზეწოლა, რათა ისინი ძალიან მტკივნეულ დათმობებზე წასულიყვნენ, რისთვისაც მზად არიან, რადგან ნამდვილად სურთ, ეს ომი დასრულდეს. ეს კი, რეალურად ფოკუსის გადატანაა რეალური პრობლემიდან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, რუსეთის სამხედრო ხარჯები უნდა იყოს შეზღუდული და დაინახონ დათმობები რუსეთის მხრიდან.
კაია კალასის განცხადებით, ევროპის მიდგომაა მეტი ზეწოლა რუსეთზე, რათა ისინი რეალურ მოლაპარაკებებზე წავიდნენ.
„ბოლო 100 წელიწადში რუსეთი, სულ მცირე, 19 ქვეყანას დაესხა თავს. ზოგიერთ მათგანს სამჯერ ან ოთხჯერ. ამ ქვეყნებიდან არცერთი არასდროს დასხმია თავს რუსეთს. კითხვა ასეთია – როგორც უზრუნველყოფთ, რომ ეს ომი არ გაგრძელდება ან სხვაგან არ გადაინაცვლებს? ამიტომ ჩვენ უნდა ვნახოთ დათმობები რუსეთის მხრიდან. მათი სამხედრო ხარჯები და არმია უნდა იყოს შეზღუდული. ასევე, ბირთვული იარაღიც. ამას უნდა დაემატოს ანგარიშვალდებულებაც იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს. და ამაზე არ არის საუბარი. ცხადია, რუსები ხედავენ და ფიქრობენ – რატომ უნდა ვესაუბროთ ევროპელებს, თუ ამერიკელებთან საუბარს მათი მაქსიმალისტური მოთხოვნების დაკმაყოფილება მოაქვს, ისეთებისაც კი, რომელთა შესრულებაც სამხედრო გზითაც ვერ შეძლეს. ამიტომ, ჩვენ, ევროპელები თუ ვამბობთ, რომ უნდა გვესაუბროთ, რადგან თქვენ, რუსები უნდა წამოხვიდეთ დათმობებზე, მაშინ რატომ უნდა სურდეთ მათ ეს? სამშვიდობო პროცესში ჩვენ გვაქვს მკაფიო როლი. რაც ვნახეთ, არის, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეთანხმდეთ რაზეც გსურთ, მაგრამ ევროპა ამას თუ არ თანხმდება, მაშინ ეს არ მუშაობს. თქვენ გჭირდებათ ევროპის თანხმობაც. ჩვენი მიდგომა ახლა არის, რომ მეტი ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, რათა მოჩვენებითი მოლაპარაკებებიდან რეალურ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ. ახლა ვაკეთებთ ამას, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს, და რა თქმა უნდა უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა კაია კალასმა.
ipn.ge