სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის რობერტ კალინიაკის განცხადებით, უკრაინაში, ადგილზე არსებული რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანას მოუწევს, ტერიტორიის ნაწილი დათმოს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რობერტ კალინიაკმა ტელეკომპანია TA3-ის გადაცემა V politike-ის ეთერში განაცხადა.
კალინიაკის თქმით, სლოვაკეთის ინტერესებში შედის ომის დაუყოვნებლივ დასრულება და ორ მეომარ მხარეს შორის ზავის დამყარება და სამშვიდობო მოლაპარაკებები.
მინისტრის აზრით, მომავალ საზღვრებზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმას მიიღებს ომის შემდგომი უკრაინა.
„სავარაუდოდ, უკრაინა ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ვერასოდეს მოთავსდება გერმანიასა და შვეიცარიას შორის, მაგრამ ყოველთვის გაიზიარებს თავის უდიდეს საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან. აქ არ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, ვინ არის აგრესორი, რადგან რუსეთმა გადალახა ყველა საზღვარი, წესი და დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მაგრამ აუცილებელია იგივე ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც ხდება მსოფლიოს სხვა კუთხეებში და ყველა სხვა დავასთან ერთი და იგივე სტანდარტი გამოვიყენოთ“, - განაცხადა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.