მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამების შემცირების ფონზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უკიდურესად საშიში დაავადებების აფეთქებების მზარდ შემთხვევებზე საუბრობს. მათ შორისაა წითელა, მენინგიტი და ყვითელი ცხელება.
„მთელს მსოფლიოში იზრდება იმ დაავადებების აფეთქებების რაოდენობა, რომელთა თავიდან არიდება ვაქცინების საშუალებითაა შესაძლებელი. ასეთებია წითელა, მენინგიტი და ყვითელი ცხელება, ასევე დიფტერია. ეს დაავადებები დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული იყო ან პრაქტიკულად გაქრა ბევრ ქვეყანაში და შესაძლოა ხელახლა გამოჩნდეს,“ - აცხადებს ორგანიზაცია.
ჯანმო მიიჩნევს, რომ იმუნიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა საფრთხის ქვეშაა ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა დეზინფორმაცია, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, ჰუმანიტარული კრიზისები და დაფინანსების შემცირება, რაც მილიონობით ადამიანს რისკის ქვეშ აყენებს.
ჯანმო გამოდის მოწოდებით, იმუნიზაციის პროგრამების გაძლიერებასა და ბოლო 50 წლის განმავლობაში ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების კუთხით მიღწეულ პროგრესს დაუყოვნებლივი და გადაუდებელი ყურადღება მიექცეს.
„ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინებმა 150 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა. გლობალური ჯანდაცვის დაფინანსების შემცირება კი ამ წარმატებას საფრთხეს უქმნის. იზრდება იმ დაავადებების აფეთქებების რაოდენობა, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინებითაა შესაძლებელი, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას და ზრდის მკურნალობისა და რეაგირების ხარჯებს“ - აცხადებს ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი.
შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება ქვეყნის ჯანმოდან გასვლის შესახებ. ახალი ადმინისტრაციის შეფასებით, ჯანმო არასაკმარისად ეფექტიანია, იმყოფება პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ამერიკისგან ძალიან ბევრ დაფინანსებას მოითხოვს.
თებერვალში, ჯანმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ შეაჩერა პერსონალის აყვანა და მივლინებების რაოდენობაც შეამცირა, რის მიზეზადაც აშშ-ის გადაწყვეტილება დაასახელა.