გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთსა და უკრაინას შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას არ გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ევროკავშირის მიზანია, უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაში იყოს, რაც საშუალებას მისცემს მას, უარი თქვას 'ცუდ' შეთანხმებაზე - როგორც ტრამპი იტყოდა - და აირჩიოს ყველაზე მოსახერხებელი მომენტი მოლაპარაკებებისთვის. არ მგონია, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს, თუ აგრესორი ცეცხლის შეწყვეტის პირობად ამას მოითხოვს". - DW-ს ცნობით, თქვა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა 14 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე.

კიდევ ერთმა დიპლომატმა გამოცემას უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდებოდეს და არა პირიქით.

"ბრძოლა კვლავაც გრძელდება, თუმცა თუ იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინა 'რკინის მაჩვზღარბად" უნდა გადაიქცეს". - თქვა მესამე დიპლომატმა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ რუსეთს "მეორე შანსი" მიეცეს გადაჯგუფებისა და ხელახალი თავდასხმის მომზადებისთვის.

კიდევ ერთმა დიპლომატმა, DW-ს ცნობით, თქვა, რომ ევროკავშირმა ცეცხლის შეწყვეტის დროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ უნდა შეასუსტოს. მისი თქმით, "იდეა ესაა, რომ ძლიერების პოზიციიდან, უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს თავდაცვითი შესაძლებლობები და შეინარჩუნოს შეკავების უნარი იმ შემთხვევაში, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება".

ცნობისთვის, 11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კიევი თანახმაა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ ამას მოსკოვიც დათანხმდება. ვაშინგტონმა დადო პირობა, რომ ამ წინადადებას რუსულ მხარეს გადასცემდნენ. 12 მარტს რუსეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავიდა, რათა ვლადიმირ პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და ორმხრივი ურთიერთობები განეხილა.

ამავე დღეს პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, რომელიც აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელია, თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაინტერესებულები არ არიან.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს ნიუანსები და საჭიროა ამერიკულ მხარესთან საუბარი.

"ჩვენ ვეთანხმებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას. თუმცა იქიდან გამოვმდინარეობთ, რომ ამ შეწყვეტამ უნდა მიგვიყვანოს ხანგრძლივ მშვიდობამდე და გადაჭრას კრიზისის ძირეული მიზეზები." - თქვა ვლადიმირ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე.

შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა დეტალების ამერიკელ კოლეგებთან დაზუსტება და დაწვრილებითი მუშაობა კონტროლის მექანიზმის შესაქმნელად. ამას გარდა, მისი საუბრიდან გამოიკვეთა, რომ მოსკოვი კიევს რთულად შესასრულებელ პირობებს წამოუყენებს.

საუბარში პუტინმა გამოთქვა იგივე შიში, რაც აქამდე უშაკოვმაც თქვა, რომ ამ პერიოდში უკრაინელებმა შეიძლება გადაიარაღება დაიწყონ.

პუტინის თქმით, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა შეძლოს კონფლიქტის ხანგრძლივ მშვიდობამდე მიყვანა და "ძირეული პრობლემების" გადაჭრა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მსგავსი პირობის წაყენება არამედ კიევზე ვაშინგტონის ზეწოლითაა განპირობებული, არამედ ბრძოლის ველზე არსებულმა რეალობებმა გამოიწვია და უკრაინელებმა აშშ-ს ეს თავად სთხოვეს.

ხოლო პუტინის განცხადებას, თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები "იმედისმომცემია", მაგრამ დაამატა, რომ ეს "არასრულია".

"პუტინმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. სასურველია ვნახოთ ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა. იმედია რუსეთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს" - თქვა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე.

წყარო: ტაბულა