უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა 2026 წლის ბოლომდე ევროპის ქვეყნებში ათ საექსპორტო ცენტრს გახსნის.
„დღეს ჩვენ ექსპორტს ვიწყებთ. 2026 წლისთვის ევროპაში ათი საექსპორტო ცენტრი იქნება, მათ შორის ბალტიისპირეთის და სკანდინავიის ქვეყნებში. 2026 წელს ათი წარმომადგენლობა იმუშავებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინული დრონების წარმოება გერმანიაში თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება.
„ჩვენს ტექნოლოგიებში ინვესტიციების წელი იქნება. პირველ რიგში, დრონები. ეს არის დიდი ინდუსტრია, ახალი ინდუსტრია. ომის დროს უკრაინაში შემოსული დაფინანსებით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ყველაზე დიდი ინდუსტრია, რაც უკრაინას აქვს. დღეს ევროპის უსაფრთხოება ტექნოლოგიასა და დრონებზეა აგებული. არსებობს რამდენიმე სხვადასხვა პროექტი. ეს ყველაფერი, ძირითადად, უკრაინულ ტექნოლოგიებსა და უკრაინელ სპეციალისტებზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აგრესორი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი უკრაინისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, თუმცა უკრაინას ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, თანაბარი ძალით უპასუხოს რუსეთის თავდასხმებს.
„ჩვენ არ გვიწევს, ავირჩიოთ, სამხედრო სამიზნეს ვუტევთ თუ ენერგეტიკულ სექტორს. ის ამ ენერგეტიკულ სექტორს ყიდის. ის ნავთობს ყიდის. მაშ, ეს ენერგეტიკაა თუ სამხედრო სამიზნე? გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ერთი და იგივეა. ის ნავთობს ყიდის, ფულს იღებს, იარაღში დებს ინვესტიციას. ამ იარაღით უკრაინელებს კლავს. რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა? არსებობს ორი გზა. ჩვენ ვამზადებთ იარაღს და ვუტევთ მათ იარაღს ან ვუტევთ მათი ფულის წყაროს. და მათი წყარო ენერგიაა. აი, რა ხდება. აქ არ არის შედარება სამხედრო და არასამხედრო სამიზნეებს შორის. ჩვენთვის ეს ყველაფერი ლეგიტიმურია. ვის შეეძლო ჩვენამდე ამის გაკეთება რუსებისთვის? არავის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს საზოგადოების დაყოფის მიზნით ესხმიან თავს.
„ჰიბრიდული ომის მიზანია საზოგადოების დაყოფა, რათა დაასუსტოს და დაანგრიოს იგი. მშვიდობიან მოსახლეობას თუ გატეხ, სამხედროებიც გატყდებიან – სულ მცირე, რისკი მაღალია. სწორედ ამას აკეთებს მტერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.