აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეზღუდვების გახანგრძლივების ნაცვლად, ახალი ბირთვული ხელშეკრულების დადებაა საჭირო.
სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომის (New START) ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება “ცუდად არის შეთანხმებული” და “უხეშად ირღვევა”. ცნობისთვის, 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტმა შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ განაცხადა.
“ჩვენმა ბირთვულმა ექსპერტებმა მუშაობა უნდა დაიწყონ ახალ, გაუმჯობესებულ და მოდერნიზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც მომავალშიც დიდხანს იარსებებს”. - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის პოსტის გავრცელებამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებით, ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებულიყო.
აშშ-ს პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, რომელი ქვეყნები იქნებოდნენ ჩართული ახალ ხელშეკრულებაში, თუმცა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.
დონალდ ტრამპს მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ მომავალ შეთანხმებაში უნდა შედიოდეს ჩინეთიც, რომლის ბირთვული არსენალი სწრაფად იზრდება. თუმცა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბირთვული შეიარაღების შემცირების მსგავს ხელშეკრულებაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
მანამდე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი ნანობს ხელშეკრულების ვადის ამოწურვას და დიალოგისთვის მზად არის, თუ აშშ კონსტრუქციულად უპასუხებს პუტინის წინადადებას.
მისი თქმით, რუსეთი შეინარჩუნებს “პასუხისმგებლიან და საფუძვლიან მიდგომას ბირთვული სტაბილურობის საკითხთან მიმარტებაში“ და დასძინა, რომ “იგი, რა თქმა უნდა, უპირველესად საკუთარი ეროვნული ინტერესების მიხედვით იხელმძღვანელებს.”
ცნობისთვის, აშშ და რუსეთი ერთად მსოფლიოს ბირთვული ქობინების დაახლოებით 85%-ს ფლობენ. New START, რომელიც 2010 წელს მაშინდელმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გააფორმეს, თითოეულ მხარეს მაქსიმუმ 1 550 ბირთვული ქობინით და 700 გადამტანი სისტემით - რაკეტებით, ავიაციით და წყალქვეშა ნავებით - ზღუდავდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთჯერად, ხუთწლიან გახანგრძლივებას, რაზეც პუტინი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2021 წელს შეთანხმდნენ.