„ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები, მაგრამ საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვიან – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“… ამას აუცილებლად იტყვიან, თუ დაინახავენ, რომ რომელიმე პროექტი მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებაზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ თსუ-ს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
მას „ბათუმელები“ გრანტების კანონში შესატან ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც, სპეციალისტების აზრით, იზოლაციაში აქცევს უნივერსიტეტებს და მეცნიერებას.
- ბატონო იაგო, გვინდა ნათლად ავუხსნათ საზოგადოებას, რატომ ქმნის რეალურ საფრთხეს უნივერსიტეტებისთვის „ოცნების“ რეფორმა, რა იგულისხმება იზოლაციაში და რატომ აღარ მოუნდებათ მაგალითად, დონორებს, დააფინანსონ ესა თუ ის კვლევა საქართველოში?
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი კანონები მიიღო და ამ ბოლოს დრო, ისეთი ცვლილებები შეიტანა დამატებით „გრანტების შესახებ კანონში“, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც უცხოეთიდან იქნება მიღებული უნდა შეთანხმდეს ხელისუფლებასთან.
ცვლილება ამბობს, რომ თუ ეს თანხა მოხმარდება არა უბრალოდ პოლიტიკურ აქტივობას, არამედ მოხმარდება ისეთ აქტივობასაც, „რომელსაც აქვს პოტენციალი საზოგადოებაზე იქონიოს გავლენა“, ასეთი თანხა უნდა შეთანხმდეს ხელისუფლებასთან.
- რეალურად, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ეს ბუნებრივია, არა?!
რა თქმა უნდა. რა არის აკადემიის, უნივერსიტეტების ფუნქცია? – ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც ზედაპირზე დევს, ეს არის ცოდნის გადაცემის ფუნქცია, ხომ?! ასევე, ეს არის ახალი ცოდნის შექმნის ფუნქცია, რაც უფრო კვლევის სფეროა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს მისია – აღზარდოს მოქალაქე.
აი, ეს ფუნქციები – კვლევა, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოქალაქის აღზრდა და ასე შემდეგ, არის თუ არა საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა?!
- „ცოდნის გადაცემა“ ნამდვილად არის ნახსენები ამ საკანონმდებლო ცვლილებებში.
საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება არის თუ არა უნივერსიტეტის ფუნქცია, უნივერსიტეტის ექსპერტული დანიშნულება?! – რასაკვირველია არის.
შესაძლებელია თუ არა ეს ყველაფერი დონორული დახმარების, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო პროექტების მობილიზაციის გარეშე?! – შეუძლებელია.
არ არსებობს აკადემია და საუნივერსიტეტო ინსტიტუციები ინტერნაციონალიზაციის გარეშე, კონტაქტების გარეშე, არ არსებობს საერთაშორისო პროექტების გარეშე და ასე შემდეგ. შეუძლებელია ეს ამბავი.
ანუ რას ეუბნება ხელისუფლება უნივერსიტეტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომ თანხები, რომლებსაც თქვენ მიიღებთ არ უნდა ითვალისწინებდეს ამ ყველაფერს?! – ეს შეუძლებელია.
- ესე იგი, „ქართული ოცნება“ შეუძლებელზე შეთანხმებას ითხოვს, ასე გამოდის?
დიახ. შეუძლებელია ეს ყველაფერი არ ითვალისწინებდეს საზოგადოებაზე ზემოქმედებას და ეს უნდა შევუთანხმო ხელისუფლებას. ხელისუფლებასთან შეთანხმება კი ნიშნავს ტოტალურ კონტროლს. ანუ ხელისუფლება მხოლოდ ისეთ პროექტებს დააფინანსებს, მხოლოდ ისეთ გრანტებს დააფინანსებს, რომლებიც მისთვის კომფორტულია. ნებისმიერი ავტორიტარული ხელისუფლება ასე იქცევა.
ნებისმიერი ავტორიტარული ხელისუფლება კლავს ავტონომიას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, კლავს ჭეშმარიტებას, იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტებას აყენებს საკუთარი ძალაუფლების სამსახურში.
საკუთარი ძალაუფლების სამსახურში ჩაყენებული ცოდნა არის იდეოლოგია და არა მეცნიერება.
- რომც შეუთანხმო მთავრობას, რამდენად მოუნდება თავად დონორ ორგანიზაციას ავტორიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობა? მარტო შეთანხმების პრობლემა არ დგას აქ, როგორც ვხედავთ.
რასაკვირველია არ მოუნდება. გრანტების სისტემა, დონორებთან ურთიერთობა, საერთაშორისო პროექტები, ეს არის, ასე ვთქვათ, თავისუფალი მიმოცვლა თუ გაცვლა უნივერსიტეტებს, მეცნიერებს და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.
საერთაშორისო კონტაქტები არ ემსახურება ავტორიტარიზმის გაძლიერებას. ამას არავინ დაეთანხმება.
ამიტომ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები და „რეფორმა“ ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან ჩვენი იზოლირების ქვაკუთხედია. მით უმეტეს ის, რომ მაგალითად აკადემიური წელი შეამცირეს და ბაკალავრიატი ხდება სამწლიანი, 10-წლიანი საბაზო განათლების პირობებში. ესეც ანომალიაა. სამწლიანი ბაკალავრიატი განა არ არსებობს, ჩვეულებრივი ამბავია ევროპულ საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სივრცეში, მაგრამ ის შეჭიდულია, თუ შეიძლება ასე ითქვას, 12 ან 13-წლიან ზოგად განათლებასთან.
უნივერსიტეტებში მოდიან მომზადებული ახალგაზრდები. შენ, როდესაც საშუალო განათლება დაგყავს 10 წელზე, ეს დისბალანსი ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის უკვე სახეზეა. ასეთი ზოგადი განათლებით მოგყავს ადამიანი საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელსაც ფუნდამენტური ბაზისური რაღაცები აქვს სასწავლი.
- სხვათა შორის, უნივერსიტეტები ხშირად აღნიშნავდნენ ჩვენთან საუბარში, რომ ამ 12-წლიანი სწავლების პირობებშიც კი, პირველკურსელებს ძალიან უჭირდათ სწავლა და ფიქრობთ, რომ 10-წლიანი სწავლების პირობებში ასეთი პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება?
რასაკვირველია. ის 11-წლიანიც ხომ მოგონილია, ფაქტობრივად 10-წლიანი გახდა სკოლა. რეპეტიტორიუმი დაარქვეს, რომელიც ნებაყოფლობითია. ან ეს რეპეტიტორიუმი რას ნიშნავს? ცოდნის გამეორება, გამყარება ხდება და ახალ ცოდნას არ იძენენ, როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად არავინ იცის რას ნიშნავს ეს რეპეტიტორიუმი.
მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ 10-წლიანი, თუნდაც 11-წლიანი განათლება და სამწლიანი ბაკალავრიატი უკვე ანომალიაა ევროპული სისტემისათვის.
- აკადემიური წლის შემცირება, როგორც ვიცი, გაცვლით პროგრამებზეც შეუშლის ხელს სტუდენტებს და ლექტორებსაც ალბათ, თუ ამოვარდება ბოლონიის პროცესიდან ჩვენი სისტემა?
რასაკვირველია, ეს შექმნის სერიოზულ პრობლემებს გაცვლითი პროგრამებისთვის. ჩვენ უკვე დაგვაკლდა ერაზმუსის პროგრამების რაღაც ნაწილი გასულ წელს აი, ამ რუსული კანონების მიღების შემდეგ.
- ილიაუნი ხშირად ახსენებს ხოლმე საერთაშორისო პროექტებს, საერთაშორისო კვლევებს, რომლებშიც ჩართული არიან და შესაძლებელია, რომ ამ ტიპის პროექტების განხორციელებასაც შეუშალოს ხელი „გრანტების კანონმა“, მხოლოდ იმიტომ, რომ „ოცნებას“ რომელიმე მეცნიერის პოლიტიკური შეხედულება ან სამოქალაქო პოზიცია არ მოსწონდეს?
ყველა თავმოყვარე უნივერსიტეტს აქვს და უნდა ჰქონდეს საერთაშორისო პროექტები. მაგრამ ეს საერთაშორისო პროექტები უკვე მოექცა, ასე ვთქვათ, ხელისუფლების კონტროლის, ზედამხედველის ქვეშ. რაღაც პროექტებზე იტყვის – „არ გვინდა“, „ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს“, ან „ნაციონალურ ინტერესებს“ და ამას აუცილებლად იტყვიან, თუ რომელიმე პროექტი მიმართულია, ვთქვათ, ლიბერალური კულტურის, დემოკრატიის გაძლიერებაზე.
ასეთ პროექტებს ამოშლიან და შესაძლოა დარჩეს რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება გულუბრყვილო ხომ არ არის?! დონორი მექანიკურად კი არ ახორციელებს ვინმეს დაფინანსებას.
საგრანტო დაფინანსების შეწყვეტას მოჰყვება შრომის ბაზრის კიდევ უფრო გაღატაკებაც.
საქართველო ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანაა და შრომის ბაზარი არ არის მრავალფეროვანი, ძალიან ჩამორჩენილია. ეს კიდევ მეორე უბედურებაა ამ განათლების რეფორმის.
„ოცნება“ ამბობს, რომ სასწავლო პროგრამები უნდა შეიქმნას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. ანუ მოთხოვნა-მიწოდების პრინციპის საფუძველზე და ესეც ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, იმიტომ, რომ შრომის ბაზარზე ვაკანსიებს რომ შეხედოთ ახლა, ძირითადად მომსახურების სფეროში და IT ტექნოლოგიებშია ვაკანსიები და თუ საერთაშორისო დაფინანსება არ იქნება, ეს ბაზარი კიდევ უფრო გაღარიბდება.
- თუ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობს ადამიანი და დისტანციურად მუშაობს სხვა ქვეყანაში, იქიდან აღებული ხელფასიც ხომ დაექვემდებარება ხელისუფლების კონტროლს? თუ დასაქმებული პოლიტიკურად აქტიურია, კანონი მას აგენტად აცხადებს. ეს ნიშნავს, რომ შრომის ბაზარს არათუ აფართოებენ, ავიწროებენ რეალურად?
რა თქმა უნდა. თანაც ბევრი სპეციალობა უკვე აღარ იქნება საჭირო. ვის დასჭირდება პოლიტოლოგი, სოციოლოგი, თუ მან საერთაშორისო კვლევებში არ მიიღო მონაწილეობა. ეს პროფესიები თანდათან გაქრება. საუნივერსიტეტო კვალიფიკაცია შრომის ბაზარს აღარ დასჭირდება. დასჭირდებათ მხოლოდ იაფი მუშა ხელი, „ბოთლის მბერავები“, როგორც ვოლსკიმ თქვა, მაგალითად.
ეს „ბოთლის მბერავობა“ იქნებ არ უნდა ყველას. ვიღაცას უნდა აიშენოს წარმატებული კარიერა ხარისხიანი განათლების საფუძველზე.
არაჩვეულებრივი სისწრაფით მიდიან ავტორიტარიზმის რელსებზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ყველაფერს ერთი ხელის დარტყმით ხომ ვერ მოაშთობენ. ეტაპობრივად ხდება.
ერთი წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ დღეს ასეთ პირობებში ვიქნებოდით?! იმ მდგომარეობამდე მივიდოდა საქართველოში დემოკრატია, რომ ადამიანები დასჯილიყვნენ ტროტუარზე დგომისთვის?! რომ ნებისმიერი უცხოური დახმარება, მათ შორის საკუთარი ოჯახების მიერ, საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი დახმარება გახდებოდა საეჭვო და ადამიანის დასჯის მექანიზმი?!
წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესი და იქნება სოციალურად, პოლიტიკურად აქტიური და დაწერს ვთქვათ ფეისბუქზე პოსტს, გამოვა აქციაში მიიღებს მონაწილეობას, მას ეტყვიან, რომ „ეწევა სხვა საქმიანობას“ და ამის გამო 20 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
- „ოცნების“ დეპუტატები არ ეწევიან „სხვა საქმიანობას“? მათი უმრავლესობა ხომ ბიზნესიდან მოვიდა პოლიტიკაში.
რა თქმა უნდა, მათაც შეეხებათ, მაგრამ მათ იმედი აქვთ, რომ არ მიადგებიან, რადგან „ოცნების“ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან და შერჩევითად დაიჭერენ ადამიანებს, მაგრამ არ ხდება ასე. ასე ეგონა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას, რომ არ შეეხებოდნენ, დიდი წერილიც გამოაცხვეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, – „თქვენი მხარდამჭერები ვართ, გვიშველეთ, რა საშინელება ხდებაო“, მაგრამ უშველა? პირიქითაა. ეს აქლემი ყველას კართან დაიჩოქებს, მაგრამ ახლა მათ კართან დაიჩოქა.
- ერთმა პროფესორმა მითხრა, ახლა გრანტს ველოდები სახელმწიფოსგან და თავს შევიკავებ „რეფორმის“ შეფასებისგანო. ნიშნავს ეს, რომ თვითცენზურა უკვე ამუშავდა?
ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ არ აკლდა კონფორმიზმი და კონფორმისტები და როდესაც ადამიანს არ უტოვებ დამოუკიდებელი აზროვნების შესაძლებლობას, ეს ნიშნავს კონფორმიზმის წახალისებას საზოგადოებაში. ის მიბმული გყავს, როგორც შენი ქვეშევრდომი და ცდილობს გასიამოვნოს იმისთვის, რომ გადარჩეს.