რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს კიევის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდას, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიოს.

რაც შეეხება კიევზე განხორციელებულ მასირებულ დარტყმებს, პესკოვმა აღნიშნა, რომ მის სამიზნეს სამხედრო ან ნახევრად სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ობიექტები წარმოადგენდა.

გარდა ამისა, პესკოვმა ევროპის მხრიდან ესკალაციაზეც ისაუბრა.

„ის, რომ ევროპის მხრიდან ესკალაცია ხდება, ცალსახაა. ასევე, ცალსახაა ის ფაქტი, რომ საკუთარი თავდაცვის იდენტობის განვითარებასთან ერთად, ევროკავშირი მილიტარიზაციის გზას დაადგა და, ფაქტობრივად, თავს უძღვნის რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციის საკითხს. ეს ფაქტორი კიდევ უფრო ამწვავებს ევროპის კონტინენტზე ისედაც არსებულ დაძაბულობას. ეს ფაქტორი გვაიძულებს, დავგეგმოთ დამატებითი ზომები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება დისკუსიებს იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი, თქვენ იცით, რომ არიან მომხრეები, სხვათა შორის, ძალიან მკაცრი და გადამწყვეტი ზომების მომხრეები,მათ შორის აკადემიკოსებიც. ასევე, არიან უფრო თავშეკავებული ზომების მომხრეები, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა: რუსეთის ფედერაციის საიმედო უსაფრთხოება და მისი ეროვნული ინტერესები ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული იქნება. ამასთან, რუსეთი გააგრძელებს კიევის რეჟიმზე ზეწოლის გაზრდას, რათა საკუთარ მიზნებს მიაღწიოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, კიევზე მასშტაბური დარტყმა ღამით განხორციელდა. შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთმა თავდასხმისთვის 74 რაკეტა და 496 დრონი გამოიყენა.