საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  დირექტორ თამარ მემანიშვილთან  და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალადაშვილთან ერთად ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

საქართველოს 12 ქალაქში გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

2026 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.  17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24  ივლისს ჩააბარებენ.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს