რადიო კომერსანტთან საუბრისას Shine Energy-ის დამფუძნებელმა ნინო გადელიამ საქართველოში მზის ენერგეტიკის განვითარების ტენდენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით ქვეყანაში მზის ენერგეტიკა ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა. ნინო გადელია ამბობს, რომ ინვესტორები მზის ენერგეტიკაში უფრო სწრაფად იღებენ უკუგებას, ვიდრე ენერგეტიკის სხვა სფეროებში. „მზის ენერგეტიკა ყველაზე განვითარებადი მიმართულებაა დღეს ენერგეტიკის სექტორში. საქართველოში ძალიან კარგი ირადიაცია გვაქვს, შესაბამისად, მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება ფინანსურად გამართლებულია. თუკი გენერაციის სხვა წყაროებს შევადარებთ, მზის ენერგეტიკა საინტერესოა იმ კუთხით, რომ ბევრად მოკლედ დროშია შესაძლებელი ობიექტის მშენებლობა და შესაბამისად ქსელში ინტეგრაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებისთვის უკუგების პერიოდი ბევრად უფრო სწრაფად ხდება, დაახლოებით 3-დან 5 წლამდე პერიოდში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი დაინტერესება სწორედ მზის ენერგიაზე მოდის“. -აცხადებს ნინო გადელია. ნინო გადელია ასევე ამბობს, რომ სექტორის განვითარების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია უკვე დეტალურად მოხდეს იმის გაგება და იდენტიფიცირება თუ რამდენია ელექტროენერგიის მოხმარება, რაც შემდგომში ენერგეტიკულ ბირჟაზე ეფექტურად მოქმედებას შეუწყობს ხელს. „ვფიქრობ, ნეტო აღრიცხვის პროგრამა იყო ის პროგრამა, რომელმაც, ფაქტობრივად, მზის ენერგიის ათვისების მიმართულებას დიდი პოპულარობა მოუტანა. რაღაც პერიოდის განმავლობაში ნეტო აღრიცხვამ მაქსიმალური ბენეფიტები მოგვცა და შემდგომ უკვე მოხდა ნეტო დარიცხვაზე გადასვლა, რომელიც, რა თქმა უნდა, ისეთი ფინანსურად მომგებიანი აღარ არის, თუმცა ნეტო დარიცხვა სხვა მიმართულებით გვთხოვს გაძლიერებას, კერძოდ, მოხმარების ობიექტებმა უფრო დეტალურად იცოდნენ თუ რამდენი აქვთ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს პროცესი გრძელვადიან პერიოდში არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი მოხმარების ობიექტებისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ როცა ენერგეტიკული ბირჟა საბოლოოდ გაიხსნება, ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ საათობრივად მოხმარების ჭრილშიც კონტროლი“. - განაცხადა Shine Energy-ის დამფუძნებელმა ნინო გადელიამ