მთავრობა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ ლიკვიდაციას იწყებს. როგორც BMG-ს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შვილობილმა შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“, რომელიც საწარმოს 100%-იან წილს ფლობს, განუცხადა, ამჟამად მიმდინარეობს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დაშლა/ლიკვიდაციის წინასამართლებრივი პროცესი.
კომპანიის ინფორმაციით, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ 2023 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, არ აქვს მიმდინარე პროექტები და არ ჰყავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები.
თუმცა, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კომპანიას ამ პერიოდში ჰყავდა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი — შალვა შავიშვილი. მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, 2023 წელს აღნიშნულ პოზიციაზე მიღებულმა ანაზღაურებამ 42 336 ლარი შეადგინა, 2024 წელს — 39 798 ლარი, ხოლო 2025 წელს — 36 436 ლარი.
BMG-ის ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ გზების მოვლა-შენახვისთვის ახალი სახელმწიფო კომპანია შეიქმნას, გამოცემა არსებული „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ აქტივებითაც დაინტერესდა.
„აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ ცნობით, საწარმოს ბალანსზე რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა ირიცხება, თუმცა თითოეული მათგანის ასაკი 24 წელს აღემატება და, წინასწარი შეფასებით, ექსპლუატაციას აღარ ექვემდებარება. ამასთან, აღნიშნულ აქტივებთან დაკავშირებით ამჟამად საინვენტარიზაციო პროცესი მიმდინარეობს.