ტრამპს პატივს ვცემ და არ შეიძლება, რომ ჩვენ შორის არსებულმა უთანხმოებებმა სამხედრო კონფლიქტამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ვენესუელა დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის.

„აშშ-ის მთავრობამ ვენესუელასა და მთელ ლათინურ ამერიკაში რეჟიმის შეცვლის ძალადობრივ გეგმაზე უარი უნდა თქვას და სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დამოუკიდებლობის უფლებას პატივი უნდა სცეს. ვენესუელა დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

მისი თქმით, „როგორც ეს გაერო-ს ანგარიშში წერია, ვენესუელა ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ქვეყანას არ წარმოადგენს“.

„ამერიკელ ხალხს მივმართავ: ისევე, როგორც სიცრუეს წარმოადგენდა ის, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი იყო, სიცრუეა ისიც, რასაც ვენესუელის შესახებ ამბობენ. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მიმართ პატივისცემას მოვითხოვთ“, - აღნიშნა მადურომ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ვენესუელის ორმა F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა კარიბის ზღვაში გაგზავნილ ამერიკულ ხომალდს გადაუფრინა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელს, დენ კეინს უფლება მისცა, რომ „თუ საჭირო იქნება, ისინი ჩამოაგდოს“.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელაში ნარკოკარტელების ობიექტებზე დარტყმების განხორციელების ვარიანტებს განიხილავს.

interpressnews.ge