საქართველოში პირადობის და სხვა მოწმობების, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ასევე სამსახურებრივი თუ სამგზავრო პასპორტების ფორმები იცვლება. იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებები – რომლებშიც ცვლილებები რამდენჯერმე შეიტანეს, 2025 წლის 4 ივნისის ნაცვლად, 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ერთ-ერთ ბრძანებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით კი დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმა დაამტკიცეს.
დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს ნაცრისფერი; შიგნით იქნება ასევე ჩანაწერი: „სამგზავრო პასპორტის მფლობელი არის საქართველოში დამატებითი დაცვის მქონე პირი. სამგზავრო პასპორტი 38-გვერდიანია“.
წყარო: საკანონმდებლო მაცნე
პარლამენტმა დაახლოებით 2 თვის უკან „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონის ახალი ვერსია დაამტკიცა, სადაც პირისთვის დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლებიცაა განსაზღვრული.
აღნიშნული კანონით: „დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს [საფუძვლებს]), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.
უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს [ზემოთ განსაზღვრული] გარემოებები“.
საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2025 წლის 26 ივნისს მიიღო და ის 7 ივლისს გამოქვეყნდა. კანონი სრულად 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ახალი კანონის მიღებით კი, ძალადაკარგულად გამოაცხადეს ანალოგიური სახელწოდების 2016 წლის 1-ლი დეკემბრის კანონი.
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით [რომლითაც დოკუმენტების ახალი ფორმები დამტკიცდა და რომელიც 2025 წლის 6 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს]:
- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს – მუქი შინდისფერი
- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი
- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი
- საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი
- დამატებითი დაცვის მქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ნაცრისფერი
- ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი