კავკასიური ირმის საშენი მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახეობათა აღდგენის პროგრამის ფარგლებში, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა.  საშენი  მეურნეობა უკვე ირმის 9 ინდივიდს აერთიანებს: 2 ხარირემსა და 7 ფურირემს.  კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის  პროგრამის პირველ ეტაპზე მათი რიცხვი 20-მდე გაიზრდება. მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული, სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებით და კამერებით. 

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსის, რევაზ ბეჟაშვილის განცხადებით, მეურნეობაში შექმნილია ხელსაყრელი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.

„სპეციალურად მოწყობილ გარემოში შეგვიძლია დეტალურად შევისწავლოთ ირმების ქცევა, სოციალური დინამიკა და ადაპტაციის ეტაპები. ეს ინფორმაცია მოგვცემს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ სახეობის ბუნებაში დაბრუნების პროცესი.  მალე მყვირალობა დაიწყება და შემდეგი წლის გაზაფხულის მიწურულს პირველ ნამატს ველოდებით“, - განაცხადა რევაზ ბეჟაშვილმა.

სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ, კეთილშობილი ირმის ინდივიდების ველურ ბუნებაში გაშვება სააგენტოს მიერ  თანდათანობით მოხდება.

„საშენის გახსნის შემდეგ, შვიდმა ფურირემა ადაპტაცია მარტივად გაიარა, რაც პოზიტიურ მოლოდინს ქმნის“, - განაცხადა  თბილისის ზოოპარკის დირექტორმა,  სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მთავარმა კონსულტანტმა ზურაბ გურიელიძემ.

ალგეთის ეროვნული პარკი კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამისთვის მიზანმიმართულად შეირჩა - ტერიტორია მდებარეობს თრიალეთის ქედის შუაგულში, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები და მაღალი დაცულობის ხარისხი ქმნის ოპტიმალურ პირობებს როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მის დასაცავად.