პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების მცდელობები, დაეწყოთ დიპლომატიური მოლაპარაკებები.
ამ შეხვედრების მიზანი უნდა ყოფილიყო, დასრულდეს ირანთან ომი, რომელიც ორი კვირის წინ აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური საჰაერო თავდასხმით დაიწყო, იტყობინება სამი წყარო, რომელიც ინფორმირებულია ამ მცდელობების შესახებ.
ირანმა, თავის მხრივ, უარყო ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა, სანამ აშშ-სა და ისრაელის დარტყმები არ დასრულდება, განუცხადა Reuters-ს ორმა მაღალი თანამდებობის ირანულმა წყარომ და დასძინა, რომ რამდენიმე ქვეყანა ცდილობდა შუამავლობას კონფლიქტის დასრულების საქმეში.
ვაშინგტონისა და თეირანის მხრიდან ინტერესის ნაკლებობა იმაზე მიუთითებს, რომ ორივე მხარე ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, იმის მიუხედავადაც კი, რომ გაფართოებული ომი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს იწვევს და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა ნავთობის ფასებს ზრდის.
პარასკევს ღამით აშშ-ის მიერ ირანის კუნძულ ხარქზე, ქვეყნის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრზე, განხორციელებულმა დარტყმებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თავისი სამხედრო შეტევა.
ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, თავის განცხადებაში, პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი დარჩება და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმების გაძლიერებით იმუქრება. ომმა 2000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ძირითადად ირანში, და ნავთობით მომარაგების ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება გამოიწვია, რადგან საზღვაო მოძრაობა შეჩერდა ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედის ტრანსპორტირება ხდება.
ომანმა, რომელიც შუამავლობას უწევდა აშშ-ის და ირანს შორის მოლაპარაკებებს ომამდე, არაერთხელ სცადა კომუნიკაციის ხაზის გახსნა, თუმცა თეთრმა სახლმა ცხადად გამოხატა, რომ არ არის ამით დაინტერესებული, იტყობინება ორი წყარო, რომელთა ვინაობას, ამ სტატიაში მოხსენიებული სხვა პირების მსგავსად, არ ამხელს სააგენტო, რათა მათ დიპლომატიურ საკითხებზე თავისუფლად საუბრის საშუალება ჰქონდეთ.
თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ტრამპმა უარყო მოლაპარაკებების დაწყების ეს მცდელობები და ორიენტირებულია ომის გაგრძელებაზე, რათა კიდევ უფრო შეასუსტოს თეირანის სამხედრო შესაძლებლობები.
„ის ამჟამად ამით არ არის დაინტერესებული, ჩვენ კი მისიას გავაგრძელებთ და არ შევასუსტებთ ძალისხმევას. შესაძლოა, ეს დღე დადგება, მაგრამ არა ახლა“, - თქვა ოფიციალურმა პირმა.
ომის პირველი კვირის განმავლობაში, ტრამპმა თავის პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანის ხელმძღვანელობა და სამხედროები იმდენად დაზარალდნენ აშშ-სა და ისრაელის დარტყმებით, რომ მათ მოლაპარაკება სურდათ, მაგრამ უკვე „ძალიან გვიან“ იყო! მას აქვს საგარეო პოლიტიკური პოზიციების უეცარი შეცვლის გამოცდილება, რის გამოც რთულია იმის გამორიცხვა, რომ ის შესაძლოა ნიადაგს სინჯავდეს დიპლომატიის განახლებისთვის.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ახალმა პოტენციურმა ხელმძღვანელობამ მიანიშნა, რომ მათ სურთ საუბარი და საბოლოოდ ისაუბრებენ კიდეც. ამ ეტაპზე, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შეუჩერებლად გრძელდება“, - განაცხადა თეთრი სახლის მეორე მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა, როდესაც ამ ამბავზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
ირანული წყაროების ცნობით, თეირანმა უარყო რამდენიმე ქვეყნის მცდელობები, მოლაპარაკებოდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სანამ აშშ და ისრაელი არ შეწყვეტენ საჰაერო დარტყმებს და არ დააკმაყოფილებენ ირანის მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების სამუდამოდ შეწყვეტას და კომპენსაციის გადახდას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.
უსაფრთხოებისა და დიპლომატიური სფეროდან სამი წყაროს ცნობით, ეგვიპტემ, რომელიც ომამდე შუამავლობით იყო დაკავებული, ასევე სცადა კომუნიკაციების ხელახლა გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ძალისხმევას წინსვლა არ მოჰყოლია, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მათ გარკვეული “სამხედრო თავშეკავება” უზრუნველყვეს მეზობელი ქვეყნებისგან, რომლებსაც ირანი დაესხა თავს.
ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ომანის მთავრობამ და ირანის მთავრობამ კომენტარის გაკეთების თხოვნას არ უპასუხეს.
ნავთობის გლობალურ ბაზრებზე ომის ზეგავლენამ მნიშვნელოვნად გაზარდა შეერთებული შტატების ხარჯები. ტრამპის ზოგიერთი მრჩეველი და აშშ-ის ოფიციალური პირი მას ომის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ბენზინის ფასების ზრდამ შესაძლოა მაღალი პოლიტიკური ფასი დააკისროს პრეზიდენტის რესპუბლიკურ პარტიას, აშშ-ში შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე. სხვები ტრამპს უბიძგებენ, გააგრძელოს შეტევა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რათა გაანადგუროს მისი სარაკეტო პროგრამა და ხელი შეუშალოს მას ბირთვული იარაღის შექმნაში, იტყობინება Reuters-ი.
ტრამპის მიერ დიპლომატიური მცდელობების უარყოფა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციას ომის სწრაფი დასრულების გეგმები არ აქვს.
რამდენიმე წყაროს ცნობით, შეერთებული შტატებიც და ირანიც მართლაც სულ უფრო ნაკლებ სურვილს ავლენენ, ჩაერთონ ბრძოლაში, ვიდრე ომის პირველ დღეებში, როცა აშშ-ის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირებმა ომანს მიმართეს დეესკალაციის ზომების განხილვისთვის.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ალი ლარიჯანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაყჩი ასევე ცდილობდნენ ომანის შუამავლად გამოყენებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იქნებოდა ჩართული.
თუმცა, ეს მოლაპარაკებები არ შედგა.
ამის ნაცვლად, ირანის პოზიცია უფრო ხისტი გახდა, განაცხადა მაღალი თანამდებობის მესამე ირანელმა წყარომ.
„ის, რაზეც ადრე კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით ხდებოდა, ახლა უკვე არარელევანტურია“, - თქვა წყარომ.
„გუშაგთა კორპუსს მტკიცედ სწამს, რომ თუ ისინი დაკარგავენ კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე, ირანი წააგებს ომს“, - დასძინა წყარომ, რომელიც გულისხმობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ელიტურ გასამხედროებულ ძალას, რომელიც აკონტროლებს ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს.
„ამიტომ, გუშაგთა კორპუსი არ დაეთანხმება არანაირ ცეცხლის შეწყვეტას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს თუ დიპლომატიურ ძალისხმევებს. ირანის პოლიტიკური ლიდერები არ ჩაერთვებიან ასეთ მოლაპარაკებებში, მიუხედავად მცდელობებისა რამდენიმე ქვეყნის მხრიდან.“