აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საინვესტიციო ანგარიშებმა Nvidia-ს აქციები 2025 წელსა და 2026 წლის პირველ რვა თვეში სულ მცირე 103-ჯერ იყიდა ან გაყიდა. ტრანზაქციების ჯამური ღირებულება 27 მილიონიდან 97.5 მილიონ დოლარამდეა. ამის შესახებ CNBC წერს, რომელმაც პრეზიდენტის წლიურ და პერიოდულ ფინანსურ დეკლარაციებს გადახედა.

ერთ-ერთი საყურადღებო ტრანზაქცია 2025 წლის 18 მაისს განხორციელდა, როდესაც ტრამპის საინვესტიციო ანგარიშებმა Nvidia-ს აქციები 500 001-დან 1 მილიონ დოლარამდე ღირებულებით გაყიდა. ეს მოხდა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად Nvidia-ს მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგიც ესწრებოდა. CNBC-ის ინფორმაციით, გაყიდვამდე ხუთი დღით ადრე, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპს ჰუანგისა და ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალის კავშირის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ მანამდე The New York Times-იც წერდა.

ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აღნიშნული ბრიფინგის შესახებ არაფერი სმენია და არც ის იცოდა, იყო თუ არა ქალი, ელის ჰუანგი, ჩინეთის ჯაშუში. ელის ჰუანგი კომპანია Megaspeed-ის ყოფილი ხელმძღვანელია, რომელიც Nvidia-ს ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია. აშშ-ის ოფიციალური პირები მას ჩინეთის დაზვერვასთან კავშირში ეჭვობენ. ჯენსენ და ელის ჰუანგები ნათესავები არ არიან.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტის საინვესტიციო პორტფელს დამოუკიდებელი მრჩევლები მართავენ და გადაწყვეტილებებს ტრამპის მითითებების გარეშე იღებენ. თავად დეკლარაციებში არ იკვეთება მტკიცებულება, რომ პრეზიდენტმა აქციების გაყიდვა პირადად დაავალა ან მისმა ფინანსურმა მრჩევლებმა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაცია იცოდნენ. ამასთან, CNBC-ის ანალიზის თანახმად, ტრამპისა და ჯენსენ ჰუანგის შეხვედრები და ერთობლივი საჯარო გამოჩენები პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ სულ მცირე 15-ჯერ დაფიქსირდა.