აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზოგიერთი გრენლანდიელი შეერთებულ შტატებს სთხოვს, იყიდოს გრენლანდია. ვიდეო პოლიტიკოსის ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის გუნდმა გადაიღო, რომელიც კუნძულზე იანვრის დასაწყისში ჩავიდა.

„მადლობა გრენლანდიის შესანიშნავ ხალხს ჩემი შვილის, დონ უმცროსისა და სხვა წარმომადგენლების ასე კარგად მიღებისთვის. ისევ შევხვდებით – მალე!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ვიდეოში ნაჩვენებია რამდენიმე გრენლანდიელი, რომელიც ატარებს ტრამპის მოძრაობა MAGA-ს ქუდებს. ზოგიერთმა მათგანმა თავად ტრამპზე ისაუბრა და მას ძლიერი ლიდერი უწოდა. სხვებმა პირდაპირ მოუწოდეს „გრელანდიის ყიდვისკენ“ და დადებითად უპასუხეს დელეგაციის კითხვაზე, სურთ თუ არა, კუნძული „ამერიკის ნაწილი“ გახდეს და მომავალმა პრეზიდენტმა „იყიდოს“ იგი.

პარალელურად, გრენლანდიის პარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, პიპალუკ ლინგე აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შვილის ვიზიტი დადგმული იყო, თითქოს გრენლანდიელები არიან MAGA-ს მხარდამჭერები და სურთ აშშ-ის ნაწილად ყოფნა. გრენლანდიელი დეპუტატის თქმით, ჟურნალისტებს არ დართეს ნება, გასაუბრებოდნენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შვილს. ამის საპასუხოდ, დონალდ ტრამპ უმცროსის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ტრამპის ვაჟი ეწვია გრენლანდიას „პოდკასტისთვის სახალისო ვიდეოკონტენტის გადასაღებად“ და იქ ყოფნისას მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ აპირებდა.

1tv.ge