პარლამენტის ყოფილი წევრის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ-ის მიერ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დასანქცირება იქნება კატასტროფა და თუ ეს მოხდება, ნათია თურნავა თანამდებობიდან უნდა წავიდეს. გოცირიძემ ამის შესახებ „საქმიან დილაში“ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის კონგრესიდან გაგზავნილ სიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხსენება არის უმძიმესი რამ.
„რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დასანქცირებას, ეს კოლაფსია, იმავე მომენტში მოუწევს გადადგომა, უნდა თუ არ უნდა, უნდა წავიდეს, რადგან საბჭოშიც ვერ დარჩება. შეიძლება რიგით წევრად დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები და დოკუმენტზე ხელმომწერი პირი ვერ იქნება. თუმცა, მე ვერ ვამბობ, რომ სია, რომელიც კონგრესიდან გადასცეს, იქნება აშშ-ის მთავრობის მიერ კოპირებული“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ სანქცირებულთა სიაში უტა ივანიშვილის შეყვანა იქნება საკმარისი, რომ ივანიშვილის ბიზნეს იმპერია დაინგრეს.
„ივანიშვილის მეუღლის დასანქცირება უზარმაზარ პრობლემას შექმნის, მაგრამ საკმარისია, იქ ერთი ადამიანი - უტა ივანიშვილი ახსენონ და მორჩენილია. ივანიშვილის მთელი ბიზნეს იმპერია ინგრევა. ვინაიდან უტა ივანიშვილი არის ფონდი "ქართუს" დამფუძნებელი, "ქართუ" კი არის ყველაფრის დამფუძნებელი, ამიტომ ამით ჩამოიშლება ყველაფერი“, - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ამჟამად ბიძინა ივანიშვილს აქვს გამაფრთხილებელი და შეურაცხმყოფელი სანქცია.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში არიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, ახლო გარემოცვა და "ოცნების" მაღალჩინოსნები, მათ შორის ნათია თურნავაც.