“სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ს მიხედვით, აქცენტი გაკეთდა ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
„საქართველოს სასტუმროების ბაზარს შეემატება 310-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 34 700-ზე მეტი საწოლი ადგილით. შედეგად, 2 680-მდე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა გაიზრდება 142 700-ამდე.
გარდა ამისა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში კერძო ინვესტიციების ოდენობა სასტუმროების სექტორში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს გაუტოლდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. განხორციელდება მიზნობრივი კამპანიები და სხვადასხვა აქტივობა წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად მოიცავს ახალ სამიზნე ბაზრებს, როგორიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები.
მთავრობა ხელს შეუწყობს ახალი, ოთხსეზონიანი კურორტების განვითარებას რაჭაში, მრავალძალისა და სხარტალი-ბეთლევის ტერიტორიებზე. ასევე შემუშავდება კურორტების კონცეფცია და განხორციელდება ინვესტიციების მოზიდვა. გარდა ამისა, განვითარდება განთავსების ობიექტები და სხვა სერვისები. საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება ზამთრის სამთოსათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვის მიზნით“, - წერია სამთავრობო პროგრამაში.