საერთაშორისო ბრენდების (ჯი-ენერჯი, ვიანორი) წარმომადგენლობების ფარგლებში შპს ,,ვისოლ ავტო ექსპრესმა“ ავტოსერვისის სფეროში უკვე 13 წლიანი გამოცდილება დააგროვა.
ბოლო დეკადის განმავლობაში ბაზარზე არსებული გამოწვევების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა კომპანიის განვითარების გეგმა და ტემპი, რის საფუძველზეც 2023 წელს ახალი ქართული ბრენდი „ვინტო“ შეიქმნა.
ამ დროისთვის კომპანია თბილისში 5 ფილიალითაა წარმოდგენილი, ახლახან კი ქსელი ზუგდიდსა და ქუთაისშიც გაფართოვდა.
ვინტო/ვისოლ ავტო ექსპრესის დირექტორმა, ნიკოლოზ ხოდელმა „კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში აღნიშნა, რომ კომპანიამ გასული წელი 20%-იანი მოგებით დაასრულა, 2025 წელს რეგიონული გაფართოება კიდევ უფრო ფართო სახეს მიიღებს.
,,ქვეყანაში არსებული მძიმე ფონის მიუხედავად, 2024 წელი კომპანია ,,ვინტოსთვის“ საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჩვენ მოვახერხეთ და 20%-იანი ზრდა შევინარჩუნეთ, რაც ჩვენი მიზანი იყო. 2024 წელს კომპანიამ საცალო ქსელი განავითარა, გავხსენით ახალი ფილიალები ზუგდიდსა და ქუთაისში.
2025 წელს რეგიონულ გაფართოებას ვგეგმავთ, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმსა და თელავში. მიუხედავად პოზიტივისა, იყო სირთულეებიც: ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო, ლარის რყევები, რაც ბუნებრივია, ბიზნესზეც მოქმედებს.
2023 წლის მაისში ჩვენ კომპანიის რებრენდინგი დავიწყეთ. „ვისოლ ავტოექსპრესი“, რომელიც ჩვენი კომპანიის ოფიციალური სახელწოდებაა, ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, მანამდე ჩვენი სავაჭრო ნიშანი იყო- „ვიანორი“, თუმცა გარკვეული მოვლენების გამო რებრედიგნი მოგვიწია.
„ვიტო“ ორწლიანი ისტორიის მქონე ბრენდია, რომელიც აქტიურად შემოვიდა ბაზარზე გამოიყენა მისი წინამორბედი ბრენდის სახელი და მემკვიდრეობა, რომელიც დიდი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ამიტომაც, ბაზარზე დამკვიდრება მარტივად შევძელით, თუმცა ეს ერთჯერადი პროცესი არ არის, ამიტომაც ვეცდებით 2025 წელსაც გავაგრძელოთ ჩვენი ბრენდის ბაზარზე წარმოჩენა.
დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში ჩვენი 5 ფილიალი ოპერირებს, გვაქვს ფილიალები ზუგდიდსა და ქუთაისში, 2025 წლის დასაწყისში იგეგმება ბათუმსა და თელავში ფილიალების გახსნა, რითაც ჩვენ დავფარავთ ყველა დიდ ქალაქს, როგორც საცალო ისე კოორპორატიული მომხმარებლებისთვისაც“,- აღნიშნა ხოდელმა.
ავტოსერვისის კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სერვისების დამატება არ იგეგმება, რადგან „ვინტო“ ძირითადად სწრაფ მომსახურებაზეა მორგებული.
,,ჩვენ ყველა ობიექტსა და სავაჭრო ცენტრში განთავსებული გვაქვს სასაწყობე ფართი, რაც საშუალებას გვაძლევს პროდუქტები რეგიონში მომხმარებლებს ფართოდ მივაწოდოთ. „ვინტოში“ ამ ეტაპზე სერვისების დამატება არ იგეგმება. ჩვენ ვოპერირებთ, როგორც სწრაფი მომსახურება, შესაბამისად, ჩვენთან საავტომობილო მომსახურების იმ სერვისებს იღებენ, რომლებიც 20-30 წთ გრძელდება. ჩვენი ძირითადი პროდუქტებია: საავტომობილო ზეთები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ხუნდები, ფილტრები, ასე რომ ამ ეტაპისთვის სერვისის ჩამონათვალი არ იზრდება, თუმცა რეგიონულად ვფართოვდებით და ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად მზარდია“,- ამბობს ნიკოლოზ ხოდელი „კომერსანტთან“.