უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების გააქტიურება ჯერ ისევ არ შეიმჩნევა, სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხმარებლები ბინების ყიდვისგან თავს ისევ იკავებენ, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია.
ფინანსისტები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი პირდაპირ აისახება საბანკო სექტორზე, რადგან ბიზნეს სესხების ყველაზე დიდი პორტფელი სწორედ ამ სექტორზე მოდის. მათი შეფასებით, ბანკებმა უკვე დაიწყეს სექტორის დაკრედიტების შემცირება, რადგან რისკ ფაქტორები მომატებულია.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ დეველოპერები ახალი პროექტების დაწყებისას თავს შეიკავებენ, ხოლო არსებული მშენებლობების დასრულება გაუჭირდებათ.
“აქცენტი გაკეთდება დაწყებული მშენებლობების დასრულებაზე, შესაბამისად, შემცირდება ჩემი ვარაუდით, ახალი მშენებლობები, რაც გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის შენელებას, დასაქმების ნაწილში, მასალების შეძენის მხრივ და ა.შ.
მეორე - გართულდება მშენებლობების დასრულება და მიმზიდველობა უძრავი ქონების ბაზრის მიმართ შემცირდება.
მესამე - საფინანსო სექტორს შესაძლოა გაუფუჭდეს უფრო მეტი სესხი და მივიღოთ დეველოპერული კომპანიები, რომლებსაც დასჭირდებათ მხარდაჭერა, შეიძლება სახელმწიფოსი. შესაბამისად, ვარაუდია რომ წნეხი წავა სახელმწიფოზე, რომ დაიწყოს სხვადასხვა ტიპის პროგრამები, რითაც წაახალისებს მშენებლებს და მყიდველებს სხვადასხვა სუბსიდირების ან პირდაპირი მხარდაჭერის გზებით.
და ბოლოს შენელება უძრავი ქონების ბაზარზე ასევე გამოიწვევს იმას, რომ არა მხოლოდ საბანკო კორპორაციული, არამედ, სავარაუდოდ, იპოთეკური პორტფელიც შეიძლება შემცირდეს, რაც საბანკო სექტორის მოგებიანობაზე აისახება", - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.