ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აღადგინოს ის გრანტები, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხმარდება და რომელთა შემცირება მანამდე დაანონსდა. საუბარი იყო 2 მილიარდამდე დოლარის დაზოგვაზე.
გადაწყვეტილების მიზეზად პაციენტთა უფლებების დამცველთა მხრიდან გამოთქმული კრიტიკული შეფასებები სახელდება. შედეგად, შემცირების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან 24 საათში ტრამპმა შემცირებაზე უარი თქვა.
გაუქმების გადაწყვეტილებამ კონგრესისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი დაუცველი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა და ქცევითი ჯანმრთელობის დაცვის ძალისხმევას შეამცირებდა. ოთხშაბათს კი წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელმა, დემოკრატმა როზა დელაურომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მდივანი რობერტ ფ. კენედი უმცროსი „დაემორჩილა საზოგადოების ზეწოლას“ და დასძინა, რომ შემცირებები თავიდანვე არ უნდა განხორციელებულიყო. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შემცირებები გაუქმდება.
ფსიქიკური დაავადებების ეროვნული ალიანსის განცხადებით, დაფინანსების შემცირება ხელს შეუშლიდა თვითმკვლელობისა და დოზის გადაჭარბების პრევენციასა და მკურნალობას, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების ინიციატივების განხორციელებას.
„ჩვენი ქვეყანა არ არის გამოსული ოპიოიდების და დოზის გადაჭარბების კრიზისიდან, ის არ არის გამოსული პანდემიის ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისიდან და ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს თვითმკვლელობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი, ამიტომ ასეთი შემცირება ახლა სახიფათოა“, - განაცხადა ალიანსის მთავარმა ადვოკატირების ოფიცერმა ჰანა ვესოლოვსკიმ.