აშშ-ის წარმომადგენლებმა კიევში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ვაშინგტონი „განსაკუთრებულ მოქნილობას“ არ გამოავლენს „ტრამპის გეგმის“ განხილვისას. ინფორმაციას ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
აშშ-ის არმიის მდივანმა, დენიელ დრისკოლმა განაცხადა, რომ მოსკოვთან შეთანხმების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი, ხოლო უკრაინა „ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“.
„რაც არ უნდა მხარს ვუჭერდეთ უკრაინის მიმდინარე ომს, ყველაფერს აქვს საზღვარი. ასევე არსებობს სერიოზული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ რუსეთს ძლიერი სამრეწველო ბაზა აქვს და ეს დროის საკითხია, როდის მოუწევს უკრაინას შეთანხმების მიღწევა“, – განაცხადა უკრაინაში აშშ-ის დროებითმა რწმუნებულმა, ჯული დევისმა, რომლის რეზიდენციაშიც გაიმართა შეხვედრა.
დევისმა, ისევე როგორც დრისკოლმა, გაიმეორეს ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კიევმა შეთანხმება 27 ნოემბრამდე უნდა მიიღოს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა მაღალი რანგის ევროპელმა მოხელემ შეხვედრის ტონს „გულისამრევი“ უწოდა.
„შეხვედრაზე დამსწრეებს ისეთი წარმოდგენა შეექმნათ, რომ ვაშინგტონი ცდილობს, კორუფციული სკანდალის ფონზე ზელენსკის პოლიტიკური სისუსტე გამოიყენოს, რათა სწრაფად მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას“, – წერს გამოცემა.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, როდესაც დამსწრეებმა რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს, აშშ-ის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ „ტრამპის გეგმის“ პირობები საუკეთესოა, რაზეც კი შეუძლია, უკრაინამ იოცნებოს.