დონალდ ტრამპის განცხადებით, 150-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლშიბაჰრეინის მემკვიდრე პრინცთან, სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 150-ზე მეტ ქვეყანას ერთ წერილს გაუგზავნის, სადაც ტარიფების დონე იქნება განსაზღვრული.

„ეს ყველასთვის იგივე იქნება, ამ ჯგუფისთვის ერთნაირი იქნება. ისინი დიდი ქვეყნები არ არიან და იმდენი ბიზნესი არ აქვთ, რამდენიც მათ, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ჩინეთსა და იაპონიას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა აპრილში ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი საბაზისო ტარიფი გამოაცხადა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, კანადას, იაპონიას, მოლდოვას, ბრაზილიასა და სხვებს ტარიფების შესახებ აცნობა იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან.

www.interpressnews.ge