„წელს მესტიაში დიდი რაოდენობით ჩინელი ტურისტია ჩამოსული. ალბათ, უვიზო მიმოსვლამ შეუწყო ხელი“,- ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, მესტიაზე წელსაც დიდი მოთხოვნაა რუსებისგან და უკრაინელებისგან. თუმცა, როგორც ნათია ნაცარაშვილი აღნიშნავს, ისინი როგორც წესი, სასტუმროს მომსახურებას არ იყენებენ, ბინებს ქირაობენ და უფრო ხანგრძლივი დროით რჩებიან.

“ზოგადად მესტია ტურისტებით ძალიან დაიტვირთა, უბრალოდ უკვე ბევრი სასტუმროა გახსნილი და ვერ ვიტყვით, რომ 100%-ით ვმუშაობთ ყველა. წელს შარშანდელთან შედარებით, ადრე დაიწყო სეზონი (გვიან დასრულდა და ადრე დაიწყო). შარშან აპრილში არ გვქონდა მუშაობა, წელს აპრილშიც ვიმუშავეთ ნახევარი თვე და მაისიდან ჩვეულებრივ დაიწყო სეზონი. ეს უფრო მოთხოვნას უკავშირდება. მეტი ტურისტი შემოვიდა. წელს ჩინელი ტურისტები არიან დიდი რაოდენობით შემოსული. ალბათ, უვიზო მიმოსვლამ შეუწყო ხელი. შარშანაც იყვნენ, მაგრამ ამ რაოდენობით არა.

ევროპიდანაც არიან, იტალიიდან გვყავდა, გერმანიიდან, ასევე, ებრაელებიც არიან საკმაოდ დიდი რაოდენობით. კანტიკუნტად არიან, ხან ჩეხეთიდან, ხან პოლონეთიდან...

რაც შეეხება რუსებს და უკრაინელებს, წელსაც არიან. თუმცა, ძირითადად ნაქირავები აქვთ აპარტამენტები და ბინები. სასტუმროში ნაკლებად რჩებიან და არიან ხანგრძლივი დროით, 2-2 თვით, ზოგი ნახევარი და ერთი წლითაც.

ძირითადი დატვირთვა მაინც ჩინელების ჯგუფებზე მოდის. ჩვენი სასტუმრო მათზე მუშაობს, თუმცა ეს ზოგად სურათს არ იძლევა, რადგან სხვა სასტუმრო შეიძლება სხვა სეგმენტზე მუშაობდეს“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

მისი თქმით ამ ეტაპზე სასტუმრო თვიურად 50%-იანი დატვირთვით მუშაობს, რაც ობიექტის განვითარებისთვის საკმარისი არ არის.

„ამ ეტაპზე, ალბათ, მთლიანობაში 50%-იანი დატვირთვა გვექნება თვიურად, მაგრამ, ზოგიერთი დღე შეიძლება ერთი კაციც არ იყოს. ასეთი რამ პანდემიამდე არ ხდებოდა, სულ დატვირთულები ვიყავით. მას შემდეგ ფაქტობრივად ვერ მოვიკრიბეთ ძალა. ტურისტების რაოდენობის მხრივ გაუმჯობესება ყოველწლიურად არის, მაგრამ არ ვიცი ჯავშნების იმ ზღვარს როდის მივაღწევთ, როგორც მანამდე ვიყავით.

რაც შეეხება ფასებს, წელს ვერ გავზარდეთ, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ასე არის გაძვირებული. ფასს ვერ ვზრდით, რადგან შეუსაბამო იქნება იმ მომსახურებასთან, რომელიც დახვდებათ სტუმრებს. ფაქტობრივად, ერთ ადგილს ვტკეპნით, მაგრამ გაჩერებას ჯობია.

ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ტურისტების რაოდენობაა, რაც შეიძლება მეტი უნდა მოვიზიდოთ. სხვანაირად განვითარება ვერ გამოდის. სასტუმროს განახლებას ვერ ვაკეთებთ, ინვესტიციას ვერ ვაბრუნებთ, რადგან იმხელა შემოსავალი არ გვაქვს, რომ საქმიანობა განვავითაროთ.

რაც შეეხება ადგილობრივებს, ვცდილობთ, კვებითა და სისუფთავით მოვიზიდოთ ტურისტები, რადგან ჩვენზე მაღალი კლასის სასტუმროებია, რომელთაც საუნა, აუზი და ა.შ. სერვისები აქვთ და სხვანაირად ვერ გავუწევთ მათ კონკურენციას. ადგილობრივები უფრო მეტად სამსახურებრივი ჯგუფებია, ვინც იცის ჩვენთან კვება, სისუფთავე და გვენდობიან. სხვა მხრივ, ადგილობრივი დამსვენებლები მაინც კომფორტზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ აუზს და სხვა სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას“,- ამბობს ნათია ნაცარაშვილი.

www.bpn.ge