მეცნიერება ძალიან ახლოსაა იმის დადგენასთან, როგორ აიცილა სამყარომ თავიდან ანტიმატერიის აპოკალიფსი. CERN-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიმზიდველი მინიშნებები ფიზიკის მიერ მატერიასა და ანტიმატერიაზე მოქმედებაში ფუნდამენტური სხვაობების შესახებ.

დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა ასიმეტრია ნაწილაკის მატერიისა და ანტიმატერიის ფორმებს შორის, რომელსაც ბარიონი ეწოდება.

ამ ეფექტს მუხტის პარიტეტის დარღვევას (CP დარღვევა) უწოდებენ და აქამდე დაფიქსირებული იყო მხოლოდ ნაწილაკების სხვა კლასში, სახელად მეზონებში. თუმცა, სამყაროს მატერიის ძირითადი ნაწილის წარმომქმნელ ნაწილაკებში, ბარიონებში იპოვეს ექსპერიმენტული მტკიცებულება იმისა, რაზეც ფიზიკოსები დიდი ხანია ნადირობდნენ.

„ეს აჩვენებს, რომ ნაწილაკთა ფართო დიაპაზონში არსებობს ოდნავი სხვაობა მატერიასა და ანტიმატერიას შორის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფიზიკის ფუნდამენტური კანონები ბარიონებზე და ანტიბარიონებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს“, — ამბობს კვლევის პირველი ავტორი, CERN-ის ფიზიკოსი სუეტინგ იანგი.

მისი განცხადებით, სამყაროში მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრია საჭიროებს CP დარღვევას ბარიონებში, ამიტომ, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმის შესამოწმებლად, რამდენად სრულია ჩვენი ამჟამინდელი თეორია და იმის შესასწავლად, იმალება თუ არა ფიზიკის ახალი კანონები იმ ადგილებში, რომლებიც ჯერ საკმარისად არ შეგვისწავლია.

ამ აღმოჩენისათვის, ჯგუფმა შეისწავლა დიდ ადრონულ კოლაიდერში 2011-2018 წლებში ნაწილაკების დაშლის 80 000 მოვლენის მონაცემები. ფოკუსირდნენ ნაწილაკებზე, რომლებსაც ლამბდა-მშვენიერება (Λb) ბარიონები ეწოდება და მათ ანტიმატერიულ თანამოძმეებზე; ეძებდნენ ნებისმიერ მინიშნებას იმ სხვაობის შესახებ, რაც მათ დაშლაში უნდა იყოს.

CP დარღვევა რომ სიმეტრიული იყოს, ნაწილაკების მატერიის და ანტიმატერიის ფორმები ერთსა და იმავე — სარკისებურ პროდუქტებად უნდა დაიშალოს.

თუმცა, ჯგუფმა დაადგინა, რომ მატერიისა და ანტიმატერიის ბარიონების დაშლას შორის 2,5-პროცენტიანი ფარდობითი სხვაობაა.

„შეიძლება მცირე სხვაობად გეჩვენოთ, მაგრამ შედეგები სტატისტიკურად საკმარისად მნიშვნელოვანია. აჩვენებს, რომ ლამბდა-ბარიონები და ანტილამბდა-ბარიონები ზუსტად ერთნაირად არ იშლება, რაც გვთავაზობს CP დარღვევას ბარიონებში“, — ამბობს იანგი.

მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩენის სტატისტიკური მნიშვნელობა 5,2 სიგმაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შანსი იმისა, რომ შემჩნეული ეფექტი შემთხვევითი რყევების შედეგი იყოს, არის 10 მილიონში ერთი.

აღმოჩენას დიდი გავლენა აქვს ფიზიკაზე — მათ შორის ისეთ ფუნდამენტურ კითხვებზე, როგორიცაა „რატომ ვართ ჩვენ აქ?“

შემზარავი სახელის მიუხედავად, ანტიმატერია ჩვეულებრივი რამ არის. მისი ძირითადი განმასხვავებელი ჩვეულებრივი მატერიისგან არის საპირისპირო მუხტი. თუმცა, ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალი ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ორი ერთმანეთს ოდესმე შეხვდება, ისინი ერთმანეთს ენერგიის აფეთქებით მოსპობენ.

თეორიულად, დიდ აფეთქებას რომელიმე მათგანისთვის უპირატესობა არ უნდა მიენიჭებინა და მატერიაც და ანტიმატერიაც თანაბარი რაოდენობით უნდა წარმოექმნა. და თუ მართლაც ასე იყო, სამყაროს მთელი შემცველობა გაჩენისთანავე უნდა გამქრალიყო და კოსმოსი სრულიად ცარიელი დაეტოვებინა.

ვრცლად პირველ არხზე