Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალ „მშვიდობის საბჭოში“ მუდმივ წევრობას ისახავენ მიზნად, მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის შეტანას სთხოვს. წესდების პროექტის მიხედვით, საბჭოს პირველი თავმჯდომარე თავად დონალდ ტრამპი იქნება და მას ექნება გადამწყვეტი სიტყვა როგორც წევრების შერჩევაში, ისე გადაწყვეტილებების დამტკიცებაში.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები საბჭოში მაქსიმუმ სამი წლით შევლენ, თუმცა ეს შეზღუდვა არ გავრცელდება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც პირველ წელს 1 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდიან.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი სტრუქტურა შესაძლოა გაეროს ალტერნატივად ჩამოყალიბდეს. რამდენიმე ქვეყანა ინიციატივას უკვე ეწინააღმდეგება, ხოლო აშშ-ის მოკავშირეთა ნაწილი თავშეკავებასა და დიპლომატიას ემხრობა.

მშვიდობის საბჭო“ - ეს არის ინიციატივა, რომელსაც დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია განიხილავენ, როგორც ახალ საერთაშორისო მექანიზმს კონფლიქტების მართვისთვის. იდეის მიხედვით, საბჭო უნდა იყოს პლატფორმა, რომელიც:

  • აკონტროლებს ომის შეწყვეტის შეთანხმებების შესრულებას

  • მონაწილეობს კრიზისული რეგიონების მართვასა და აღდგენაში

  • უზრუნველყოფს ფინანსური რესურსების პირდაპირ გამოყენებას მშვიდობისა და სტაბილიზაციისთვის

ფორმალურად, საბჭო წარმოდგენილია როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და ლეგიტიმური მმართველობის აღდგენას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.

tvpirveli.ge