გამოცემა Bloomberg-ის მიხედვით, ევროპარლამენტარები აშშ-სთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების დამტკიცებას შეაჩერებენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო რვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.

მან ასევე დაამატა, რომ ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა, მანფრედ ვებერმა 17 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა აღარ არის შესაძლებელი.

"EPP ემხრობა EU-აშშ-ს სავაჭრო შეთანხმებას, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მუქარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი დამტკიცება შეუძლებელია. აშშ-ს პროდუქტებზე 0%-იანი ტარიფი უნდა შეჩერდეს." - დაწერა ვებერმა X-ზე.

Bloomberg წერს, რომ სავაჭრო შეთანხმება უკვე ნაწილობრივ დანერგილია, თუმცა, მას ევროპარლამენტის მხრიდან დამტკიცება სჭირდება, ხოლო თუკი EPP სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად წინააღმდეგობას გაუწევს სავაჭრო შეთანხმების დადებას, შესაძლოა, დეპუტატებს საკმარისი ხმები ჰქონდეთ პროცესის გადასადებად ან დამტკიცების დასაბლოკად. 

tabula.ge