Alphabet-ის მიერ SpaceX-ზე ნაადრევად გაკეთებული ფსონი 100-ჯერ გაიზარდა. Google-ის მშობელმა კომპანიამ ივნისის ბოლოს საზოგადოებას SpaceX-ში დაახლოებით $94-მილიარდიანი წილის შესახებ ამცნო, რაც ასჯერ აღემატება იმ $900 მილიონის მოცულობის ინვესტიციას, რომელიც მან 2015 წელს ილონ მასკის კოსმოსურ კომპანიაში განახორციელა.

Reuters-ის მიერ კომპანიების კვარტალური დოკუმენტაციის ანალიზის თანახმად, ივნისში SpaceX-ის $86 მილიარდის ღირებულების IPO-ს შემდეგ, Alphabet-ი SpaceX-ის უმსხვილეს ინსტიტუციონალურ მფლობელად იქცა.

შესწავლილი დოკუმენტები ნათელყოფს SpaceX-ის მხარდამჭერების მიერ შეძენილი პოზიციების მასშტაბებს, როდესაც კომპანია კერძო სტარტაპიდან საჯაროდ სავაჭრო კორპორაციად გადაიქცა.

გამომდინარე იქიდან, რომ 13F-ის სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მონაცემები კვარტალში ერთხელ გროვდება და კვარტალის დასრულებიდან ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყნდება, ინფორმაცია არ ასახავს მსხვილი ინვესტორების მიერ 30 ივნისიდან განხორციელებულ არცერთ ყიდვა-გაყიდვას. შესაბამისად, იმის გარკვევა, თუ რომელი მსხვილი ინსტიტუტები ფლობენ SpaceX-ის აქციებს, ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

თუმცა Alphabet-ი გამონაკლისია, რადგან კომპანიამ საჯაროდ გაამჟღავნა, რომ 2015 წელს SpaceX-ში $900 მილიონის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, მეორე კვარტალის ბოლოს Alphabet-ს SpaceX-ის 551.2 მილიონი აქცია ეკუთვნოდა, რომელთა ღირებულებაც, SpaceX-ის აქციების ფასის 30 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით $94.2 მილიარდი იყო. ამ დღეს SpaceX-ის ერთი აქციის ღირებულება $170.86-ს შეადგენდა.

გასული კვირის ოთხშაბათის შეფასით კი, Alphabet-ის პოზიცია SpaceX-ში დაახლოებით $81.8 მილიარდი იქნებოდა, რაც Google-ის მფლობელის თავდაპირველ ინვესტიციაზე დაახლოებით 90-ჯერ მეტია.

SpaceX-ის ინსტიტუციონალური ინვესტორების რიგებში მეორე ადგილზე 171.8 მილიონი აქციით Gigafund Management-ი იყო, შემდეგ მოდიან 51.5 მილიონი აქციით Baillie Gifford-ი, BlackRock-ი 51 მილიონი აქციით და Ontario Teachers’ Pension Plan-ი 50.7 მილიონი აქციით.

forbes.ge