რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე Cottage Skhivi-ს დამფუძნებლის, მარიკა მომცემლიძის ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მუშაობს.
როგორც მარიკა მომცემლიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, კოტეჯების ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივი ტურისტები არიან.
"ჯამში ორი კოტეჯი გვაქვს, სადაც მაქსიმუმ 10 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი. ამჟამად, აგვისტოს ბოლომდე კოტეჯები სრულად დატვირთულია. რაც შეეხება სექტემბერს, წინასწარი ჯავშნები ჯერჯერობით არ გვაქვს. სტატისტიკურ მონაცემებს ყოველთვის ვაკვირდებით და რაჭაში ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით, იმავე ნიშნულზეა. შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონი უცხოელი ვიზიტორებისთვისაც მიმზიდველია - ხშირად ევროპის ქვეყნებიდან არიან. რაც შეეხება ადგილობრივ ვიზიტორებს, ისინი ზღვის შემდეგ დასასვენებლად მთას ირჩევენ და გვსტუმრობენ.
გამოწვევად რჩება სეზონურობა, რადგან ძირითადად ზაფხულის პერიოდში ვმუშაობთ. ამასთან, კარგი იქნება, თუ მაღალი დონის კვების ობიექტები განვითარდება, რადგან არსებული სივრცეები ზაფხულის სეზონზე გაზრდილ დატვირთვას ვერ უძლებენ. გაფართოებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. გვინდა, ჩვენი კოტეჯები სრული დატვირთვით ვამუშაოთ", - აღნიშნავს კოტეჯების დამფუძნებელი.
ცნობისთვის, Cottage Skhivi რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე მესამე წელია ოპერირებს.