სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირში ჩვენი დისკუსიების დროს, ბუნებრივია, გვკითხეს, ნიშნავს თუ არა სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებული კანონი, რომ სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩემი პასუხი იყო: დიახ, სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, წევრობის პროცესი არ არის მარტივი და პირდაპირი, ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა და სომხეთის მიერ ევროპული სტანდარტების დაცვა.

სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა ევროკავშირის წევრობა სომხეთისთვის რეალობა, ის გააგრძელებს რეფორმების სტრატეგიულ გზას, დაეყრდნობა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას და მოსალოდნელ ახალ დღის წესრიგს.

„ჩვენ გვაქვს რეფორმების ამბიციური პროგრამა, სტრატეგია და ამ სტრატეგიას, ასე თუ ისე, განვახორციელებთ. ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, ასევე დაგეგმილი სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის რეფორმებს, ვიდრე სომხეთის რესპუბლიკა არ დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ამის შემდეგ კი რეფორმები გაგრძელდება. აქ უკვე ორი ვარიანტია – ან სომხეთს მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. თუ ისინი მიგვიღებენ, ეს ძალიან კარგია, თუ რაიმე მიზეზით არ მიგვიღებენ, სომხეთი მაინც დარჩება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქვეყანა. ორივე შემთხვევაში არ გვაქვს მიზეზი, არ გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1tv.ge