სერბთა რესპუბლიკის პარლამენტმა ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი დროებითი პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბოსნია და ჰერცეგოვინის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, მილორად დოდიკს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა. ანა ტრიშიჩ-ბაბიჩი იქნება დროებითი პრეზიდენტი ერთი თვის განმავლობაში. ის დოდიკის ახლო მოკავშირეა, ხოლო ახალი არჩევნები 23 ნოემბერს ჩატარდება.
მიმდინარე წელს სასამართლომ დოდიკს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა. შემდეგ კი შიდა ორდერი გამოსცა დოდიკისა და კიდევ ორი მაღალჩინოსნის დასაკავებლად. თუმცა დოდიკმა და მისმა თანამოაზრეებმა ეს ორდერი უგულებელყვეს და საზღვარგარეთ გაემგზავრნენ.
როგორც მედია წერს, მილორად დოდიკს არაერთხელ გაუჟღერებია მუქარა ბოსნია-ჰერცეგოვინიდან სერბთა რესპუბლიკის გამოყოფის თაობაზე. მედიის ცნობით, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს დეიტონის შეთანხმებას, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნიაში მშვიდობის დასამყარებლად შედგა.
ცნობისთვის, შეთანხმება, რომელსაც 1995 წელს მოეწერა ხელი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ პოლიტიკურ ერთეულს აერთიანებს, კერძოდ, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ფედერაციას, რომელიც ხორვატებისა და მუსლიმებისგან შედგება, და სერბთა რესპუბლიკას, რომელშიც ბოსნიელი სერბები შედიან.