რუსული პრესის ინფორმაციით, რუსეთის უდიდესმა ბანკმა - Сбербанк-მა, 2026 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზი 0.5%–1%-მდე შეამცირა, პირველ კვარტალში ნეგატიური ეკონომიკური შედეგების წარმოჩენის შემდეგ - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ეკონომიკამ, ა.წ პირველ კვარტალში ვარდნა განიცადა -0.3%-ით, რაც მისი პირველი კვარტალური ვარდნაა, 2023 წლის შემდეგ (საუბარია უშუალოდ ვარდნაზე და არა ზრდის შემცირებაზე).
„რუსეთის ეკონომიკის პირველი კვარტალი, გამოწვევებით სავსე იყო, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე" - განაცხადა "Сбербанк"-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ტარას სკვორცოვმა.
"Сбербанк"-ის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ წიაღის მომპოვებელი და წარმოების სექტორები. პრობლემებს შორის, მათ ასევე აღნიშნეს მომხმარებლის ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ახდენს საცალო ვაჭრობაზე ნეგატიურ ზეგავლენას. მშენებლობის სექტორი, პირველ კვარტალში, პრაქტიკულად შეჩერებულია - აღნიშნავს "Сбербанк".
რუსეთის სხვა ბიზნეს-მენეჯერებმა, პრობლემებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი და ახალი ტექნოლოგიების ნელი დანერგვა, ასევე ძლიერი რუბლი დაასახელეს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მოულოდნელი იყო - აღნიშნავს რუსული პრესა“, - წერს სურამელაშვილი.