Tesla-ს აქციონერების მიერ ილონ მასკისთვის დამტკიცებული რეკორდული ანაზღაურების პაკეტის შემდეგ, ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა პირველად გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მასკის კომპენსაციის კონკრეტული თანხა დაასახელა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც Bloomberg-მა ნახა, Tesla-ში მასკის კომპენსაციად $158 მილიარდი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მილიარდერი ამ თანხას აუცილებლად მიიღებს.

აღნიშნული თანხა Tesla-მ 2025 წლის ფინანსურ დოკუმენტებში ასახა — სწორედ მაშინ, როდესაც კომპანიის აქციონერებმა მასკისთვის $1-ტრილიონიანი კომპენსაციის პაკეტს მხარი დაუჭირეს. თუმცა ამ პაკეტის ძალაში შესვლისთვის ფინანსური და წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პირობები უნდა შესრულდეს, მათ შორის მომდევნო ათწლეულში Tesla-ს ღირებულება $8.5 ტრილიონამდე, ხოლო მიწოდება 20 მილიონ ელექტრომობილამდე გაიზარდოს.

Tesla-ს მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესაძლოა არსებობდეს „მნიშვნელოვანი შეუსაბამობა“ იმ თანხებს შორის, რომლებსაც კომპანია ოფიციალურად ასახელებს და რომლებსაც მასკი რეალურად იღებს. აქციონერების მიერ დამტკიცებული პაკეტის პირობებით, მასკის ანაზღაურება სრულად აქციებსა და აქციებიდან გრანტებზე მოდიოდა. შედეგად, რეალურად თანხის მიღებას მასკი მაშინ შეძლებს, როდესაც Tesla კონკრეტულ ფინანსურ და საოპერაციო მიზნებს მიაღწევს. გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს Tesla-მ განსაზღვრულ მიზნებს ვერ მიაღწია, მასკის მთლიანი რეალიზებული კომპენსაცია ნულის ტოლია.

ცნობისთვის, კომპენსაციად განსაზღვრული $158 მილიარდიდან დაახლოებით $132 მილიარდი ძირითადი პაკეტის ღირებულებაა, რომელსაც მასკი მხოლოდ ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში მიიღებს. დარჩენილი $26 მილიარდი კი შუალედური ბონუსია, რომელზეც მასკმა მიმდინარე წლის აპრილში, 2018 წლის კომპენსაციის პაკეტის აღდგენის გამო, უარი განაცხადა.

forbes.ge