საზღვრებთან დაკავშირებით რუსეთთან დათმობებზე წასვლის შემთხვევაში საფრთხე ლიეტუვასაც შეექმნება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
მისი განცხადებით, თუ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის საზღვრების შეცვლას შეძლებს, მაშინ ადრე თუ გვიან იმავეს გაკეთებას ლიეტუვის ტერიტორიასთან დაკავშირებითაც შეეცდება.
„თუ ჩვენ საზღვრების შეცვლას მცირე ფორმითაც კი დავუშვებთ, მაშინ ჯერ მარკერებითა და რუკებით მოგვადგება, ხოლო შემდეგ კი ტანკებით. ოკუპირებული ტერიტორიების დე იურე ან დე ფაქტო ლეგიტიმაციას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა ბუდრისმა.
მისი თქმით, ევროპამ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში თავისი ბერკეტები უნდა გამოიყენოს.
„ევროპას რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს. მათ შორის, გაყინული რუსული აქტივები. ჩვენ აქტივების ნაწილი უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავცეთ. მეორე მნიშვნელოვანი ბერკეტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა. მესამე ბერკეტს კი ომის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა წარმოადგენს“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.