2025 წელს გლობალური ელექტრონული კომერციის ბაზარი კვლავაც რამდენიმე ძლიერ მოთამაშეზეა კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით ონლაინ-მაღაზია ცდილობს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობას, ლიდერის პოზიციას კვლავ Amazon-ი ინარჩუნებს. მასზე ელ. კომერციის ვებსაიტების ტრეფიკის 40%-ზე მეტი მოდის.

ანალიტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც ამერიკული, ისე ჩინური პლატფორმები გლობალური ციფრული შოპინგის ბირთვს წარმოადგენენ, მათი საერთო წილი დაახლოებით 65%-ს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ Temu, AliExpress-ი და სხვა ახალი მოთამაშეები ბაზარზე სწრაფად იზრდებიან, ელექტრონულ კომერციაში იერარქია შედარებით სტაბილურია, რაც Amazon-ის ბრენდის მტკიცე პოზიციებსა და ინფრასტრუქტურულ უპირატესობებს ასახავს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ We Are Social-ის მონაცემებით, 2025 წლის ივნისიდან აგვისტომდე, ელ. კომერციის ყველაზე მონახულებადი ვებსაიტი amazon.com-ი იყო, ყოველთვიურად დაახლოებით 2.7 მილიარდი ვიზიტით. ეს მსოფლიოს 20 უდიდესი ვებსაიტის ტრეფიკის მეოთხედია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სიაში Amazon-ის რამდენიმე ვებსაიტი ცალკეა შესული, მათ შორის: amazon.co.jp, amazon.de, amazon.co.uk და ა.შ.

ჩინური პლატფორმები Temu (1.6 მილიარდი ვიზიტი ყოველთვიურად) და AliExpress-ი (646 მილიონი ვიზიტი ყოველთვიურად), შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ. Temu-ს აგრესიული ფასდაკლებების მოდელი გლობალური ბაზრის გაფართოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ორი ჩინური ვებსაიტის ვიზიტების გაერთიანებული მაჩვენებელი თითქმის 2.3 მილიარდს უტოლდება ყოველთვიურად, რაც amazon.com-ის შედეგის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

ტოპ-ხუთეულში ასევე ვხვდებით ელ. კომერციის რეგიონულ მოთამაშეებს: eBay-ისა (აშშ) და Ozon-ს (რუსეთი). იაპონური Rakuten-ი, კორეული Coupang-ი და ბრაზილიური Mercado Livre უფრო ადგილობრივ ბაზრებზე არიან ფოკუსირებულნი.

რეიტინგი ვებსაიტი თვიური ვიზიტები ქვეყანა
1 amazon.com 2,710,000,000 აშშ
2 temu.com 1,630,000,000 ჩინეთი
3 aliexpress.com 646,000,000 ჩინეთი
4 ebay.com 635,000,000 აშშ
5 ozon.ru 527,000,000 რუსეთი
6 amazon.co.jp 525,000,000 იაპონია
7 walmart.com 506,000,000 აშშ
8 amazon.in 435,000,000 ინდოეთი
9 rakuten.co.jp 419,000,000 იაპონია
10 amazon.de 407,000,000 გერმანია
11 etsy.com 385,000,000 აშშ
12 amazon.co.uk 370,000,000 გაერთიანებული სამეფო
13 coupang.com 290,000,000 სამხრეთი კორეა
14 mercadolivre.com.br 260,000,000 ბრაზილია
15 target.com 187,000,000 აშშ
16 flipkart.com 186,000,000 ინდოეთი
17 amazon.com.br 175,000,000 ბრაზილია
18 rakuten.com 162,000,000 იაპონია
19 shop.app 154,000,000 აშშ
20 ticketmaster.com 108,000,000 აშშ

forbes.ge