სატურნის ყველაზე დიდ თანამგზავრს, ტიტანს, შეიძლება საერთოდაც არ ჰქონდეს ზედაპირქვეშა ოკეანე.

ამას მიუთითებს NASA-ს ხომალდ „კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემების ხელახლა შესწავლა; კასინი სატურნის სისტემაში 2004 წელს მივიდა და მას შემდეგ, ტიტანს მრავალჯერ გადაუფრინა თავზე. 2008 წლისთვის, ყველა მტკიცებულება მიუთითებდა, რომ ტიტანის გეოლოგიურად კომპლექსური ქერქის ქვეშ იმალებოდა თხევადი წყლის ოკეანე.

თუმცა, უახლესი ანალიზების თანახმად, ტიტანის წიაღი უფრო უნდა შედგებოდეს ყინულისა და ტალახისგან, მაგრამ ასევე უნდა იყოს თბილი წყლის ჯიბეები, რომლებიც ბირთვიდან ზედაპირზე ციკლურად მოძრაობენ.

ეს დასკვნა ხელახლა წერს მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი პლანეტური სხეულის გეოლოგიურ ამბავს, თანაც უკვე არსებული მონაცემების ხელახალი ანალიზით.

„ეს კვლევა ხაზს უსვამს პლანეტარული მეცნიერების საარქივო მონაცემების ძალას. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ საოცარი ხომალდის მიერ შეგროვებული მონაცემები დღემდე ცოცხალია და შესაბამისად, მასში აღმოჩენები მომდევნო წლებსა და ათწლეულებშიც შეიძლება გაკეთდეს, მონაცემთა ანალიზის მეთოდების დახვეწასთან ერთად. ეს არის საჩუქარი, რომელიც მუდმივად გვეძლევა“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) მკვლევარი ჯული კასტილიო-როხესი.

2008 წელს, ზედაპირქვეშა ოკეანის მტკიცებულება მოქცევითი მოხრის გაზომვებით გაჩნდა. ვინაიდან ტიტანი სატურნის გარშემო მოძრაობს, გაზის გიგანტი მას ექაჩება, ჭიმავს და კუმშავს, ამახინჯებს მის ფორმას და შესაბამისად, მის გრავიტაციულ ველსაც.

გადაფრენების დროს, კასინი ასეთ შეშფოთებებს „გრძნობდა“. გრავიტაციული ცვლილებები გავლენას ახდენდა ხომალდის სიჩქარეზე და ამის შეფასება მეცნიერებს შეეძლოთ კასინისა და დედამიწას შორის რადიოსიგნალების დოპლერის წანაცვლების გაზომვით.

მაშინ შედგა კონსენსუსი, რომ მოქცევითი ეფექტები იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ მიერ წარმოქმნილ სითბოს უნდა შეენარჩუნებინა წიაღის თხევადი ოკეანე — და ეს თხევადი ოკეანე თავის მხრივ უზრუნველყოფდა უფრო მეტ მოქნილობას, ვიდრე მყარი, ყინულოვანი წიაღი.

2025 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ ახალ ანალიზებში წარმოდგენილია ტიტანის მოქნილობის ალტერნატიული ახსნა — ყინულისა და წყლის ბლანტი ნაზავის ფორმით, ვიდრე უბრალოდ წყალი.

პირველი არხი