საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩს თბილისში დანიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:50 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ეს იქნება პირველი ეტაპის მეოთხე შეხვედრა და მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ოფიციალურად გაინაღდებს მომდევნო ეტაპის საგზურს. ოთხგუნდიანი ჯგუფიდან სამი გადის. საქართველო ერთი მოგებით მესამე პოზიციაზეა (დანიასთან, სტუმრად, 89:71), დანიას სამივე შეხვედრა წაგებული აქვს. ამ ნაკრების მეორედ დამარცხების შემთხვევაში ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი დანიისთვის მიუწვდომელი გახდება და, მინიმუმ, მესამე ადგილს დაიკავებს.
ბოლო ორი ტური კი ივლისის დასაწყისში გაიმართება და სწორედ მაშინ გადაწყდება, საქართველო მესამე იქნება თუ უფრო მაღალი პოზიციით გადავა მომდევნო ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ ივლისში თბილისში ესპანეთს მივიღებთ, ხოლო უკრაინასთან სტუმრად ვითამაშებთ. ამ მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს NBA-ელები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე დაემატებიან.
მეორე ჯგუფური ეტაპი აგვისტოში დაიწყება – A და B ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები ექვსგუნდიან ჯგუფს შექმნის, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გავა.
საქართველოს ნაკრები
ალექსანდრ ჯიკიჩს დანიასთან წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილება არ განუხორციელებია.
დუდა სანაძე (მალიორკა LEB, ესპანეთი), მათე ხატიაშვილი (ბასკონია, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუზკოა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (ალფტანესი, ისლანდია), ალექსანდრე მერკვილაძე (ოსტენდე, ბელგია), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), ალექსანდრე ფევაძე, გიორგი ტურძილაძე (ორივე თსუ), ვილი ისიანი (რუსთავი), მარკის რიდი (ტრაბზონსპორი).
მწვრთნელი: ალექსანდრ ჯიკიჩი.
დანიელები ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობენ. მათ ვერ ეხმარებათ ევროლიგელი იფე ლუნდბერგი და შეივონ შილდსი.
ადამ ჰეედე-ანდერსენი (სვენდბორგი), დანე ერიკსტრუპი (გრონინგენი, ნიდერლანდები), დავიდ კრისტენსენი (ზამორა, ესპანეთი), ოგბემუდია უაგბოე (ბლუ ჰოუკსი), გუსტავ კნუდსენი (მანრესა, ესპანეთი), ჯონათან კლუსმანი (პადერბორნი, გერმანია), კევინ ლარსენი (ალიკანტე, ესპანეთი), ტობიას იენსენი (ულმი, გერმანია), ზარკო ჯუკიჩი (რეიკიავიკი, ისლანდია), მაგნუს მოლგაარდი (ბაკენ ბეარსი), გუსტავ-დრეიერ ერიკსენი (ბლუ ჰოუკსი), სილვესტერ პედერსენი (ბაკენ ბეარსი).
მწვრთნელი: ალან ფოსი.