პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) გამოავლინა 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისში. გამარჯვებულს ასახელებენ პროფესიონალი ფეხბურთელების გამოკითხვის შედეგად.
გასული წლის საუკეთესო მოთამაშე გახდა „ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი. ის პირველი ფეხბურთელია, ვინც ეს პრიზი კარიერაში მესამედ მოიპოვა. მანამდე ეგვიპტელმა გამოკითხვაში 2018 და 2022 წლებში გაიმარჯვა.
2024-25 წლების სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 52 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 33 წლის ფეხბურთელი „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა.
ასევე გამოვლინდა ინგლისის ჩემპიონშიფის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს არის „ბარნლის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი, რომელიც ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნდა. მან ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში 45 მატჩი ჩაატარა და 29-ში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.
გარდა ამისა, PFA-მ 2024-25 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა:
მეკარე – მატც ზელსი (ნოტინგემი);
მცველები – ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), მილოშ კერკეზი (ბორნმუთი), ვილიამ სალიბა (არსენალი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი);
ნახევარმცველები – დეკლან რაისი (არსენალი), რაიან გრავენბერხი (ლივერპული), ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული);
ფორვარდები – ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი), კრის ვუდი (ნოტინგემი).