ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობისთვის მიმდინარე კონკურსში სამი კანდიდატი დარჩა. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა ატის შვინკამ ლატვიის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, კონკურსის მეორე ეტაპი, რომელშიც რვა კანდიდატი მონაწილეობდა, 21 ივლისს დასრულდა, თუმცა საბოლოო ეტაპზე სამი ფინალისტი გადავიდა, რომელთაგან ერთი უცხოელია.
„airBaltic-ის“ საბჭო ამჟამად კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებებს ატარებს. ახალი ხელმძღვანელის ვინაობა, სავარაუდოდ, სექტემბერში გახდება ცნობილი.
თავდაპირველად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითქმის 30 ქვეყნიდან 40-ზე მეტი განაცხადი შევიდა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის ინდივიდუალურად განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატთან შეთანხმებით. 2024 წელს ავიაკომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ გაუსის ხელფასი 838,568 ევროს შეადგენდა.